ახალი ამბები

პარლამენტთან აქცია იმართება

2 დეკემბერი, 2020 • 629
პარლამენტთან აქცია იმართება

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც “მთავარ არხს” ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ უთხრა, ისინი აქციაზე გარკვეული ნივთების მიტანას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აქტივისტის თქმითვე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის სადგომების, ე.წ. პალეტების შეტანა სურდათ, რადგან ღამით სიცივეში ბეტონზე დგომა უწევთ.

“ჩვენი კანონიერი უფლებაა, შეგვეტანა ის ნივთები, რომლებიც ღამის გასათევად გვჭირდება. გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება გვეზღუდება, რადგან ნივთები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი ღამე არ გაიყინოს, დაჯდეს და დაწვეს, ამ უფლებას გვართმევენ. ჩვენ არ გავჩერდებით და როგორც ახლა აქ ვზივართ და ვართ უკომპრომისოები, ისე ვიქნებით ბოლომდე უკომპრომისოები”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ფავლენიშვილი.

მესამე დღეა, რაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

კარავი აქტივისტების ჯგუფმა 30 ნოემბერს გაშალა თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და, როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრეს, პირველი ღამე იქ გაათიეს.

პროტესტი გრძელდება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახა კვეკვესკირმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დემონსტრანტებს სამი მოთხოვნა აქვთ:

  • „გაუქმდეს 31 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
  • ჭკუაზე მოიყვანონ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უაზრო რეგულაციები“.

„სოლიდარობა ბათუმის აქციას“ – პარლამენტთან მე-2 დღეა კარავია გაშლილი

მასალების გადაბეჭდვის წესი