ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალამდე არ აღდგება | ავარია ვარკეთილში

თბილისში ვარკეთილი 3-ის პირველ და მესამე მიკრო-რაიონების მცხოვრებლებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. გაზის მიმწოდებელ კომპანია “ვარკეთილაირის” განცხადებით, ილიკო სუხიშვილის ქუჩაზე ავტომობილი შეეჯახა ბუნებრივი აირის მილსადენს, რის გამოც გაზის მიწოდება დროებით შეწყდა.

“ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე, მოხდა ავარია – მაგისტრალურ გაზის მილსადენს დაეჯახა სატვირთო ავტომობილი. ავარიის შედეგად გაზი გაეთიშათ ვარკეთილი 3-ის პირველ და მესამე მიკრორაიონებს. “ვარკეთილიაირის” საავარიო ჯგუფი მუშაობს ავარიის აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გაზის მიწიდების აღდგენის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, როგორც ვარკეთილაირის წარმომადგენლებმა ნეტგაზეთთან საუბრის დროს განაცხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, დღეს ვერ აღდგება.

თვითმხილველების განცხადებით, კომპანია “იფქლის” სადისტრიბუციო მიკროავტობუსი შეეჯახა ბუნებრივი აირის ცენტრალურ მილსადენს, თუმცა არავინ დაშავებულა. მომხდარზე “ვარკეთილაირში” დაწყებულია შიდა მოკვლევა და ითვლიან ზარალს.