EMC: სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს რუსთავში გარემოვაჭრეთა მოთხოვნები

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) საქართველოს მთავრობას და რუსთავის მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეებისათვის საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე მძიმედ აისახება ათასობით მშრომელზე, მათ შორის შეზღუდვები განსაკუთრებულად მაღალ გავლენას იქონიებს არაფორმალურად დასაქმებულთა ჯგუფებზე.

EMC-ის თქმით, რუსთავში გამართული აქციის მონაწილე გარემოვაჭრეები უთითებენ, რომ საქმიანობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. ორგანიზაციის განცხადებით, გარემოვაჭრეთა უმეტესობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საპენსიო ასაკის ქალები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისათვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შენარჩუნება მძიმე ტვირთად აწევთ:

“არაადეკვატური სოციალური პოლიტიკისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის გათვალისწინებით კი, გარევაჭრობა ადამიანებისა და მათი ოჯახების მინიმალური დაცულობისა და ხშირ შემთხვევაში არსებობის ერთად საშუალებად გვევლინება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ საშუალებას თუნდაც დროებით აუქმებს, განსაკუთრებული სიფრთხილით და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღებოდეს”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ მიდგომის საპირისპიროდ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ კონტექსტს და ვერ აზღვევს მისი გადაწყვეტილებებით დამდგარ უმძიმეს ეკონომიკურ შოკებს.

EMC-ს თქმით, რუსთავში გამართული აქციის შესახებ მედიით გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ცალკეული წარმომადგენლები არ აღიარებენ გარემოვაჭრეების უმძიმეს ეკონომიკურ გამოწვევებს და მათ მიერ დასმულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მგრძნობელობის გარეშე ხვდებიან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები, ისევე როგორც სხვა თვითდასაქმებულები, ერთჯერადი, 300- ლარიანი დამხარებით კვლავ ისარგებლებენ, თუმცა EMC ყურადღებას ამახვილებს, რომ გარემოვაჭრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს როგორც დახმარების გაცემის ბუნდოვანი პროცედურა, ასევე, მისი არასაკმარისობა, რადგანაც ეს მხარდაჭერა ვერ ფარავს მათი ოჯახების სასიცოცხლოდ აუცილებელ მინიმალურ საჭიროებებსაც კი:

“სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სოციალური მხარდაჭერის პაკეტი ადეკვატურად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეალურ მოთხოვნილებებს. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან არსებული შეზღუდვების დარღვევისათვის სანქციის სახით 2000 ლარი არის დაწესებული, რაც არსებული წესრიგის შენარჩუნების მიზნით შესაძლო სოციალური წინააღმდეგობის შეკავების რეპრესიულ და სახიფათო ფორმას წარმოადგენს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

რუსთავში ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს