ახალი ამბები

98 699-ლარიანი ტენდერი ქუთაისში „მზეჭაბუკის“ ძეგლის ხელახლა დასადგმელად

30 ნოემბერი, 2020 • 2742
98 699-ლარიანი ტენდერი ქუთაისში „მზეჭაბუკის“ ძეგლის ხელახლა დასადგმელად

ქუთაისში „მზეჭაბუკის“ ძეგლის მოწყობისთვის ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 98 699 ლარია.

„მზეჭაბუკის“ ძეგლისა და ტენდერის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ქუთაისიპოსტმა“ გამოაქვეყნა.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეა, ხოლო გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან – 3 წელი. ტენდერის ფარგლებში განცხადებების შეტანის ბოლო ვადა 2020 წლის 9 დეკემბერია.

„მზეჭაბუკის“ ძეგლი საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მახლობლად, 9 აპრილის ქუჩაზე უნდა დაიდგას.

ქუთაისში 2009 წლამდე პარლამენტის შენობის ნაცვლად „დიდების მემორიალი“ იდგა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი „მზეჭაბუკის“ ძეგლი იყო.

მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის – “დიდების მემორიალის” დემონტაჟი ქუთაისში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და იმავე წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს. ძეგლის აფეთქება 2009 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღისთვის უნდა მიეძღვნათ, თუმცა აფეთქება დაჩქარდა და მას ორი ადამიანი შეეწირა – დედა და მისი 11 წლის შვილი. ამ ადგილას შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობა აშენდა.

„დიდების მემორიალის“ აფეთქების დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის (სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით) სამი პირი დააკავეს, სამივე მათგანი გახლდათ კერძო კომპანიის, “საქფეთქმრეწვის” თანამშრომელი. გამოძიება ისე დასრულდა, რომ ოფიციალურად არ გამოვლენილა ის თანამდებობის პირი, ვისი ბრძანებითაც განხორციელდა პარლამენტის მშენებლობის მოტივით “დიდების მემორიალის” აფეთქება სამი წლის წინ.

ნეტგაზეთის არქივიდან ამ თემაზე წაიკითხეთ:

აქცია პარლამენტთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი