ახალი ამბები

პარლამენტთან დაკავებული ორივე აქტივისტი თავისუფალია

28 ნოემბერი, 2020 • 1101
პარლამენტთან დაკავებული ორივე აქტივისტი თავისუფალია

პარლამენტთან, პროტესტისას დაკავებული ორივე აქტივისტი თავისუფალია. ნათია ლეთოდიანმა და შუშანა მაცაბერიძემ პოლიციის მთავარი სამმართველო უკვე დატოვეს.

აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია და სხვები პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის ბარიერებზე სტენსილების დახატვას ცდილობდნენ. მათი პროტესტი კარასინი-აბაშიძის შეხვედრას უკავშირდება.

აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

“ჩვენ ვაკეთებდით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით, ღობეზე, სტენსილებს, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გაკეთდა კარასინისა და აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით.

…დროებით ღობეზე სტენსილების გაკეთება არ იკრძალება. პოლიციამ დაგვაკავა და გვედავება დაუმორჩილებლობას სამართალდამცავების მიმართ, რასაც არ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა”, – უთხრა მედიას ნათია ლეთოდიანმა.

შუშანა მაცაბერიძის თქმით, როდესაც დაინახა რომ მის მეგობარს – ნათია ლეთოდიანს – აკავებდნენ, გაეკიდა მას და სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა.

“ამჟამად გამოგვიშვეს ხელწერილით და სასამართლო პროცესი ჩაინიშნება უახლოეს 10 დღეში”, – აცხადებს მაცაბერიძე.

მოგვიანებით, პოლიციის ჩარევის მიუხედავად, აქტივისტებმა ბარიკადებზე წარწერები მაინც განათავსეს. პარლამენტამდე, ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ, სადაც ნამგლისა და უროს გამოსახულებები დატოვეს.

საპროტესტო სტენსილი პარლამენტთან. ფოტო: სალომე ბარკერი

ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს, გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა 27 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მოსკოვი “ანტირუსულ პროვოკაციას” 2019 წლის ივნისში, თბილისში სერგეი გავრილოვის თანმდევ პროტესტს და ამბობს, რომ შეხვედრაზე “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”.

ზურა აბაშიძე ზემოაღნიშნულ ცნობას უარყოფს და ამბობს, რომ ამ მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა.

ფოტო: სალომე ბარკერი

დაპირისპირება პარლამენტთან: დააკავეს ორი აქტივისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი