ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საფრანგეთის სენატმა ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

26 ნოემბერი, 2020 • 1364
საფრანგეთის სენატმა ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნული რეზოლუციით სენატი საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 306-მა სენატორმა მიიღო, რომელთაგან 305-მა რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის მიღებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით, საფრანგეთის სენატის რეზოლუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია არწახელთა [მთიანი ყარაბაღი] თვითგამორკვევის უფლებისა და მათი საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის გზაზე.

“აღნიშნული გადაწყვეტილებით ფრანგი ერი და მისი წარმომადგენელი სენატი საკუთარ ურყევ პოზიციას გამოხატავენ ადამიანის უფლებების უნივერსალური ღირებულებების მიმართ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლების საჭიროებას და არწახელების მიმართ თურქეთისა და მისი დაქირავებული მებრძოლების დახმარებით აზერბაიჯანის აგრესიის სერიოზული შედეგების აღკვეთის გზების დასახვას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვესახება ის, რომ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ნორმების დარღვევები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ასევე, თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკა”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების გამოხმაურებაში.

საფრანგეთის სენატის რეზოლუციას აზერბაიჯანის 49 პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანი”, გამოეხმაურა და საფრანგეთი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნაბიჯით საფრანგეთმა აჩვენა, რომ “ოკუპანტი” ქვეყნის ღია მხარდაჭერით მინსკის ჯგუფში ნეიტრალური მონაწილეს სტატუსს კარგავს. შესაბამისად, პარტიები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანმა საფრანგეთთან პოლიტიკურ-ეკონიმიკურ კავშირებს უნდა გადახედოს და ამასთან, შეწყვიტოს ყველა ერთობლივი პროექტი კულტურის სფეროში.


მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის 10 ნოემბერს მოეწერა ხელი. შეთანხმების ძალით, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. შეთანხმება ყარაბაღის სტატუსის განხილვას არ ითვალისწინებს.

შეთანხმება არაფერს ამბობს ყარაბაღის სტატუსის შესახებ | ალიევი

მასალების გადაბეჭდვის წესი