ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის არსებულ სასამართლო კომუნიკაციის შესახებ საკუთარ პოზიციას ავრცელებს.
EMC აცხადებს, რომ სახელმწიფო კვლავ განაგრძობს თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზაციის მცდელობას, ასევე, წარმოადგენს ფაქტობივი უზუსტობების შემცველ არგუმენტაციას.
EMC-მა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – ვახა მაჩალიკაშვილი, დედა – მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და – ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი, დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები EMC-ის 2020 წლის პირველ სექტემბერს ეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო კვლავ განაგრძობს დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ე.წ. ჩატაევის ჯგუფთან დაკავშირების მცდელობას.
“მიუხედავად იმისა, რომ თემირლანის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე მაჩალიკაშვილების ოჯახს არ მისცემია დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, სახელმწიფომ კვლავ უგულებელყო თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და გააკეთა ცალმხრივი მითითებები იმის შესახებ, რომ საქმეში მოიპოვებოდა ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან თემირლანის კავშირის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება. თუმცა შეცდომაში შემყვანი განცხადებების მიღმა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ბრალდების დოკუმენტური გამყარება, რადგან, როგორც EMC-მ არაერთხელ მიუთითა, საქმეში არსებული მტკიცებულებები ფრაგმენტული, გადაუმოწმებელი და არაზუსტია და არ იძლევა თემირლანის ბრალეულობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას”, – ნათქვამია EMC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო შეეცადა ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვას ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებაზე მითითებით.
“სახელმწიფომ ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დაკავების პროცესში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის რისკებს. თუმცა ჩვენ ევროპული სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებებები თემირლანის დაკავებისა და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე არ შეიცავდა მისი შესაძლო შეიარაღების დამადასტურებელ არცერთ მტკიცებულებას. თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე და მასზე არ გავრცელებულა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონტრტერორისტული ოპერაციის განსაკუთრებული რეჟიმი. ამასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ განჩინება გამოცემული იყო 23 დეკემბერს, რაც სახელმწიფო ორგანოებს აძლევდა საკმარის დროს ოპერაციის დასაგეგმად და საფრთხეების გასათვალისწინებლად”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს დაშვება, რომ შესაძლოა არსებულიყო შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ არის დასაბუთებული და დაგეგმვის ეტაპი არ ითვალისწინებდა შემდეგ გარემოებებს: იარაღის ტიპი, რომელიც შესაძლოა ჰქონოდათ დასაკავებელ პირებს; დაკავების არალეტალური მეთოდები და მშვიდობიანი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების ტექნიკები; შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ტერიტორიაზე მესამე პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დასაკავებელი პირების ყოველდღიური რეჟიმი და მათი დაკავების საუკეთესო ადგილი და დრო.
გარდა ამისა, EMC მიიჩნევს, რომ:
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, ამ პირობებში სპეცრაზმელებს მინიჭებული ჰქონდათ გაუმართლებლად ფართო ავტონომია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სპეცოპერაციის ჩატარებისას გადამეტებული ძალის გამოყენებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.
“ღამის საათებში სპეცოპერაციის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნას, რომლის მხიედვითაც, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დღის საათებში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა”.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი დასაბუთება 2017 წლის 26 დეკემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ. ასევე, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განხორციელდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, რადგან, ორგანიზაციის განცხადებით, ეს არგუმენტები მთლიანად ეყრდნობა სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელთა ჩვენებებს და მოკლებულია დამაჯერებლობას შემდეგი მიზეზების გამო:
“თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ვერსიის მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია თემირლანის ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა, რომელზეც გენეტიკური ექსპერტიზის თანახმად აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი. თუმცა, დაქტილოსლოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელყუმბარაზე არ დაფიქსირდა თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ორგანიზაცია ხელყუმბარის ამოღების, შენახვისა და შემდგომში მასზე ჩატარებულ ექსპერტიზის პროცესში დარღვევებზე მიუთითებს და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულების სანდოობას შემდეგი მიზეზების გამო:
EMC-ის პოზიციის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე დაირღვა დამოუკიდებლობის პირნციპი.
“თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის ხელყუმბარის, ამოღება ჩაატარეს სროლის განმახორციელებელი პირების პირდაპირმა კოლეგებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშივე ინახებოდა აღნიშნული მტკიცებულებები 5 კვირის განმავლობაში, რა დროსაც ხელყუმბარაზე ჩატარდა გენეტიკური, დაქტილოსკოპიური და ბალისტიკური ექსპერტიზები. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების გამომძიებლებმა არ უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილის დაცვა პროკურატურის წარმომადგენლების მისვლამდე, რამაც გაზარდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვისა და განადგურების საფრთხე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის მიერ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ უპირობოდ გაიზიარა თემირლანის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვერსია, რამაც თავიდანვე ეჭქვეშ დააყენა გამოძიების ობიექტურად წარმართვის შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC-ის განცხადებით, ჩატარებული გამოძიება გახლდათ შეზღუდული, რადგან იძიებდა მხოლოდ ძალის გამოყენების აუცილებლობას, თუმცა არ გულისხმობდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოპერაციის დაგეგმვა და სიცოცხლის მოსპობის რისკების შემცირება და მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაცია და განადგურება.
“სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით სუს-ის მაღალჩნოსნები პირველად გამოიკითხნენ 2019 წლის აგვისტოში, სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის შემდეგ, და მათ მიმართ არ დასმულა მნიშვნელოვანი კითხვები დაგეგმვის ეტაპზე გაცემული დეტალური ინსტრუქციების, შედგენილი დოკუმენტებისა და სპეცრაზმელთა სპეციფიკური როლების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე ასევე არსებობდა ხარვეზები მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით.
“პროკურატურამ ვერ უზრუნველყო თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში გადაღებულ ფოტოებზე ასახული ყურსასმენების აღმოჩენა. გამოძიებამ ასევე ვერ დაადგინა გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა და არ უზრუნველყო მასზე აღმოჩენილ სისხლისმაგვარ ლაქებზე ექსპერტიზის ჩატარება”, – აცხადებს EMC.
EMC-ის გაცრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ეტაპზე გარდაცვლილის მამა არ ცნეს დაზარალებულად, რამაც დააზიანა მისი ინტერესები იურიდიული დავის პროცესში.
“გამოძიების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუსაბუთებლად არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რამაც შეუძლებელი გახადა მის მიერ გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმისთვის არსებითი მტკიცებულებების – სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობის შესაძლებლობა 2020 წლის იანვარში, გამოძიების შეწყვეტიდან რამდენიმე დღით ადრე მიეცა. პროკურატურამ არ გაითვალისწინა მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნა სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობის შემდეგ მათი ვერსიების გადამოწმების მიზნით დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ”.
ორგანიზაციის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წინაშე დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენვიის მე-3 მუხლიც, რაც წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვას გულისხმობს.
“მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის დასკვნა მათ მიერ განცდილი მძიმე ფსიქიკური ტანჯვის შესახებ, სახელმწიფოს მოსაზრებით, სპეცოპერაციის ღამის საათებში ჩატარება შეიარაღებული და შენიღბული სპეცრაზმელების მიერ წარმოადგენდა პროპორციულ ზომას დაკავებისას ძალის გამოყენების რისკების შესამცირებლად. ამასთან, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მისამართით იარაღის დამიზნება და მიწაზე დაწვენა ემსახურებოდა უსაფრთხოების ინტერესებს იმის მიუხედავად, რომ არცერთი მათგანი თავად არ ყოფილა რაიმე დანაშაულში ბრალდებული და არ გაუწევია სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობა.
პროკურატურას არ დაუწყია დამოუკიდებელი გამოძიება არასათანადო მოპყრობის საქმეზე და ამ ფაქტან დაკავშირებით სპეცოპერაციის მონაწილეები გამოიკითხნენ სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურა დაკმაყოფილდა სპეცრაზმელების მხრიდან ზოგადი და ბლანკეტური მითითებით არასათანადო მოპყრობის უარყოფის შესახებ და არ დაუსვამს დამატებითი კითხვები ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ გამოუვლენია რეალური მცდელობა საქმის გარემოებების დასადგენად და საკუთარი დასკვნები დაამყარა მხოლოდ სპეცრაზმელთა ჩვენებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლო გაიზიარებს მათ მიერ წარდგენილ არგუმენტაციას, კონცენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევის შესახებ სახელწმიფოს მხრიდან.
EMC-ის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტიანი საშუალება საქართველოს მთავრობისთვის ეროვნულ დონზე საქმის ხელახალი გახსნის დავალდებულება იქნება, რაც საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას გულისხმობს.
2017 წლის 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით, თავის არეში მძიმედ დაშავდა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით, სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მთავრობის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტული ქსელის წევრი და დაკავშირებული გახლდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრებთან. ოჯახისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა არაერთი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.