უნდა ვისწავლოთ მოლაპარაკება, ერთად მუშაობა – გახარია

“მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ.

გახარიამ თავისი არჩევანი თბილისში, მთაწმინდის ოლქის #5 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსებმა ერთად მუშაობა უნდა ისწავლონ.

“ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ ტურში, პანდემიის დროს, ასევე, მეორე ტურში, პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა.

ყველა ამ პოლიტიკოსმა [უნდა] იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და ამ პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში.

რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ამომრჩევლის დაკვეთა, [ასევე] ასე შენდება ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

არჩევნები 2020: დღეს მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს