ახალი ამბები

“შეურიგებლობის მანიფესტით” მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ

19 ნოემბერი, 2020 • 1529
“შეურიგებლობის მანიფესტით” მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ

საზოგადოების წევრებმა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით “შეურიგებლობის მანიფესტს” მოაწერეს ხელი.

ხელმომწერებს შორის არიან მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, მუსიკოსი აჩიკო გულედანი და სხვები.

მანიფესტში წერია, რომ მოქალაქეები არ შეეგუებიან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დამდგარ რეალობას და კანონიერი საშუალებებით შეეცდებიან ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენონ, რათა ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.

“სახელმწიფოებრიობის აღდგენის 30 წლისთავზე საქართველო უმძიმესი რეალობის წინაშე დგას:

  • უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და უკიდურესი სიღარიბე;
  • კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურობა;
  • დასუსტებული სახელმწიფო, გაძლიერებული კრიმინალი;
  • საქართველოს გეოპოლიტიკური როლის დაკნინება;
  • ხელისუფლებას დამორჩილებული სასამართლო სისტემა;
  • პარტიული ინტერესების მომსახურე სამართალდამცავი უწყებები;
  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები;
  • რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან მარცხი;

ამ გამოწვევების ფონზე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვის ასპარეზი იქნებოდა. რომელიც საქართველოში არსებულ განწყობებს და პოლიტკურ ძალთა გადანაწილებას ობიექტურად ასახავდა. ამით ჩვენ ერთპარტიული და ერთპარტიული მმართველობის მანკიერ გამოცდილებას წარსულს ჩავაბარებდით, მრავალპარტიული პარლამენტი კი უზრუნველყოფდა, რომ თითოეული მოქალაქის ინტერესი პირწმინდად ყოფილიყო დაცული.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას ხელიდან გამოგლიჯა არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება. ნათელია, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით აპირებს და ამისთვის უკან არაფერზე დაიხევს.

უკან დახევას არ ვაპირებთ არც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ შევურიგდებით თავსმოხვეულ რეალობას და გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა საზოგადოების ზეწოლით ხელისუფლება ვაიძულოთ, ჩაატაროს ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ძალას არ დავიშურებთ, რომ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა და ამ პროცესის თანაზიარნი გავხადოთ.

მოვუწოდებთ თითოეულ თანამოქალაქეს, შემოუერთდეს ჩვენს სამართლებრივ ბრძოლას და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ – ხალხი, და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმიწიფოში გვსურს ცხოვრება.

მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას, მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ მტკიცე ერთობა და ყველა მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებით დაიცვან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ჩვენ ვერ და არ შევეგუებით”, – წერია მანიფესტში.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, მანიფესტზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შემდეგ ბმულზე – https://manifest.ge/main/item/3134

 

მასალების გადაბეჭდვის წესი