ახალი ამბები

ხელახალი არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს – ინაშვილი რიკერთან შეხვედრის შემდეგ

18 ნოემბერი, 2020 • 721
ხელახალი არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს – ინაშვილი რიკერთან შეხვედრის შემდეგ

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის შეხვედრა დასრულდა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მხარეებმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

“სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. ის არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. მე კონკრეტულად და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა.

მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ თქვენ წინაშე და ასეთი შეხვედრების დროს: აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კითხვის საპასუხოდ, ურჩია თუ არა ფილიპ რიკერმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, ინაშვილმა თქვა, რომ შეხვედრის დეტალების შესახებ არ ისაუბრებს.

აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მოწოდებას ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე გამოეხმაურნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები. ბოიკოტის გადაწყვეტილების გადახედვა ორივე მათგანმა გამორიცხა.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი