144 თანამშრომლის ინფიცირების გამო ტყიბულის შახტებში მუშაობა შეაჩერეს

კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის საბადოებში ქვანახშირის მოიპოვებს, მუშაობას დროებით წყვეტს. კომპანია “საქნახშირის” ცნობით, 1 170 თანამშრომლიდან კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება “საქნახშირმა”გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია თანამშრომლებს პერმანენტულად უტარებს ტესტირებას და “13 ნოემბერს PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი”.

“საქნახშირის” ცნობით, სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდა, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი კი იზოლაციაში გადავა. ასევე, განცხადების მიხედვით, თანამშრომლების კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის კი კომპანიაში სპეციალური ქოლ-ცენტრი შეიქმნება.

ამასთან, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.