ახალი ამბები

ახალი ვებგვერდი მოქალაქეს ოჯახის ექიმის მოძიებაში დაეხმარება – ტიკარაძე

16 ნოემბერი, 2020 • 2166
ახალი ვებგვერდი მოქალაქეს ოჯახის ექიმის მოძიებაში დაეხმარება – ტიკარაძე

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პორტალს ქმნის, რომლის დახმარებითაც კორონავირუსით ინფიცირებულები პირადი ნომრის საშუალებით თავად გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი პორტალი 112-ში ზარების ოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ambulatoria.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდება.

“ეს პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ საკუთარი ოჯახის ექიმი იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის, რომელ პოლიკლინიკაზე ან ოჯახის ექიმზე არიან მიბმულნი. ამ პორტალის საშუალებით ყველა ჩვენს მოქალაქეს, პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებულნი, ასევე, მათი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი.

აქვე მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი, შესაბამისად, მათ შეეძლებათ გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, ეს კი პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, გაცილებით უფრო ნაკლები ლოდინის დრო ექნებათ”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

პორტალის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს:

“პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

  • თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
  •  თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
  • თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: ambulatoria.moh.gov.ge/

მასალების გადაბეჭდვის წესი