“არსებობს ინდივიდუალური ხედვები” – როგორ დახვდება ოპოზიცია პომპეოს?

“ევროპული საქართველოს” ერთი-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს გააცნო განსხვავებული ფორმატის აქციის დეტალები, რომლითაც ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დახვდება.

უგულავას თქმით, რუსთაველიდან მელიქიშვილის გამზირამდე ცოცხალი ჯაჭვი 18 ნოემბერს, 11:00 საათზე შეიკვრება.

“ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილამონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება ცოცხალი ჭაჭვი, ორმეტრიანი დისტანციით. ყოველ ადამიანს, ვინც მოვა ამ მდუმარე პროტესტისთვის, მიეცემა სტიკერი წარწერით: “გაყალბებულია”. დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლატაკს… ასევე, იქნება საქართველოს და ამერიკის დროშების საშუალება. რესპუბლიკის მოედანზე გამოეფინება დიდი ბანერები საქართველოს და აშშ-ის დროშებით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია და მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ”, – განაცხადა გიგი უგულავამ 15 ნოემბერს, “ლელოს” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

ჩაერთვება თუ არა აქციაში ყველა ოპოზიციური პარტია, გადაწყვეტილი არ არის. “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” წევრ ლევან ახვლედიანის თქმით, პომპეოს დამხვედრ აქციაზე ოპოზიციაში “არის ინდივიდუალური ხედვები”.

“ეს კლასიკური გაგებით აქცია არ იქნება და ვერ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაღაც მასშტაბურ აქციაში  არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და არ ვაპირებთ აქციებით დახვედრას. ამას თუ ექნება რაღაც პერფორმანსის სახე, შეიძლება იყოს განხილვის საგანი… ჩვენი პოლიტიკური  ორგანიზაციის ხედვაა, რომ აქციებით არ უნდა შევხვდეთ”, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, “მოქალაქეების” მონაწილეობა 8 ნოემბრის აქციაში დამოკიდებულია მის ფორმაზე. ამასთან, ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ძალ-ღონეს არ დაიშურებს პომპეოსთან შესახვედრად და საკუთარი მესიჯის მისატანად აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თავდაპირველად გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქთან. მოგვიანებით, ვიზიტის დღის წესრიგს დაემატა პომპეოს შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, თუმცა ოპოზიციასთან შეხვედრა ჩანიშნული არ არის.

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა