ახალგორში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი საავადმყოფოს ექიმი იყო

ახალგორში კორონავირუსით ექიმი და ახალგორის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, 68 წლის ონისე გათენაშვილი გარდაიცვალა. ახალგორში ეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტია. 

პაციენტი ბინაზე, ახალგორში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯერ ცხინვალის ჰოსპიტალში გაამგზავრეს. ნებართვის მიღების შემდეგ კი თბილისში უნდა გადმოეყვანათ. ადგილობრივთა ინფორმაციით, პაციენტი სწორედ თბილისისკენ ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. 

ახალგორიდან თბილისის მიმართულებით, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მძიმე პაციენტებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ერთ წელზე მეტია გამშვები პუნქტები დაკეტილია. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე პაციენტების გადმოყვანას სპეციალური ნებართვები სჭირდება, რომელთა მიღებასაც, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება.