ახალი ამბები

პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ – კალაძე ოპოზიციას მიმართავს

10 ნოემბერი, 2020 • 833
პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ – კალაძე ოპოზიციას მიმართავს

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ოპოზიციას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. კალაძე წერს, რომ არჩევნები შესაძლოა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით ჩატარდა, თუმცა ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს.

კალაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნისთვის სიკეთე სურთ, ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე უარი უნდა თქვან და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ.

“ჩვენს პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს, მათი გამოსწორებისთვის ჩვენ საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ”, – წერს კალაძე.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი