ახალი ამბები

სააკაშვილი ვაშაძის მე-2 განცხადებას “მთლიანად ეთანხმება”

10 ნოემბერი, 2020 •
სააკაშვილი ვაშაძის მე-2 განცხადებას “მთლიანად ეთანხმება”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგილ ვაშაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხო განმარტების გამოაქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ იზიარებს ვაშაძის მიერ დასახელებულ წინაპირობებს, რაც მოიცავს პროსტესტის გაგრძელებას, ასევე, მოლაპარაკებების დაწყებასა და მხოლოდ წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების შემდგომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

სააკაშვილი წერს, რომ “მთლიანად ეთანხმება” ენმ-ის თავმჯდომარის ხედვას.

გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება, რომელსაც სააკაშვილი დაეთანხმა:

“დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”,-დაწერა ვაშაძემ Facebook-ზე მას შემდეგ რაც მის განცხადებას აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა.

გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავდპირველად “ნიუპოსტმა” გაავრცელა. ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” უდასტურებენ, რომ ვაშაძის განცხადება ავთენტურია, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს”.

ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პარტიის წევრების მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პოზიცია. როგორც ცნობილია, ენმ პარლამენტის ბოიკოტს უჭერს მხარს.

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი