უსუფაშვილი: “უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ”

“ლელოს” წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური მოვლენები სახელმწიფოს ნგრევის კალაპოტში მოექცა და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ვადებზე შეთანხმებაა.

უსუფაშვილის თქმით, ყველა ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს სწორედ შეთანხმების მიღწევას მოახმარს.

“პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება”, – წერს უსუფაშვილი ფეისბუკზე.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.