მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა- საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ცესკოს შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეთ. ამას გარდა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება გამოუმართლებელია.

“საია შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება.

საია განმარტავს რომ:

საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება,”-წერია საია-ს განცხადებაში.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტების მცირე ნაწილის ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.