ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.
ნეტგაზეთი ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს მაშინ, როცა შეკრების ადგილზე შეკრების მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი და მათი დიდი ნაწილი არსებითად მშვიდობიან ქცევას ინარჩუნებდა. წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში.
საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად, ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი ან წყლის ჭავლი, რომლებიც ზიანის მიყენების მაღალ საფრთხეებს წარმოშობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის შეკავება.