ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

რამდენიმედღიანი დაძაბულობის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ჯო ბაიდენი. ჯერჯერობით, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და ხმების მინალური რაოდენობაა დასათვლელი, თუმცა BBC, FOX News, CNN და AP ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აცხადებენ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. მათი პროგნოზი ეყრდნობა უკვე დათვლილი ხმების ანალიზს. ეს ნიშნავს, რომ დასათვლელი ხმები ვერ შეცვლის საბოლოო შედეგს.

CNN-სა და BBC-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ხმების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პენსილავნიის შტატში და დააგროვა ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა. გარდა ამისა, ამ ორი მედიასაშუალების მონაცემებით, ბაიდენი ლიდერობს არიზონაში, ნევადასა და ჯორჯიის შტატში.

AP-ის პროგნოზი კიდევ უფრო შორს მიდის. აღნიშნული მედიასაშუალების ცნობით, ბაიდენს მოგებული აქვს არიზონა და მას ამომრჩეველთა კოლეგიაში 280-ზე მეტი ხმა აქვს. რაც შეეხება FOX  News-ს, ამ ტელეარხის მონაცემებში ბაიდენმა პენსილვანიასთან ერთად, გაიმარჯვა არიზონასა და ნევადაში, ჯორჯიაში გამარჯვების ზღვარზეა. შესაბამისად, მას ამომრჩეველთა კოლეგიაში 290 ხმა აქვს.

კამალა ჰარისი. ფოტო: EPA

აღნიშნული შეეგები ნიშნავს, რომ ბაიდენთან ერთად პირველად ისტორიაში თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ქალი — 55 წლის კამალა ჰარისიც მოხვდება. გარდა ამისა, ის იქნება პირველი შავკანიანი, ასევე, აზიური წარმოშობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

ვინ არის ჯო ბაიდენი, რა გზა გაიარა მან ამ მომენტამდე, რას იზამს, თუ პრეზიდენტი გახდება — წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში.

ადრეული წლები და ოჯახი

„ძია ჯოს“, „ძია მთავარსარდალს“, „მძინარა ჯოს“ მეტსახელებით ცნობილი ჯო ბაიდენი 1942 წელს, პენსილვანიის ქალაქ სკრენტონში დაიბადა. მისი ოჯახი მაშინდელ ამერიკულ საშუალო კლასს განეკუთვნებოდა. იგი ჯინ და ჯოზეფ ბაიდენების უფროსი შვილი იყო. პენსილვანიაში მამამისი ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა, რიგი წარუმატებლობისა და სკრენტონის ეკონომიკური დაღმასვლის შემდეგ ოჯახი დელავერის ქალაქ ვილმინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბაიდენმა სკოლა დაამთავრა.

ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის დასაძლევად „სარკის წინ ლექსებს კითხულობდა“. ბაიდენის ენის დაბმა მედიის ყურადღების ცენტრში აგვისტოში მოექცა, როცა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას 13 წლის ბრეიდენ ჰარინგტონმა მიმართა. ჰარინგტონმა მოყვა, თუ როგორ შეხვდა ბაიდენს ნიუ-ჰემფშირის შტატში და როგორ დაეხმარა მას პრეზიდენტობის კანდიდატი ენის დაბმასთან გამკლავებაში.

1972 წლის 18 დეკემბერს, ბაიდენის პირველი ცოლი — ნელია და მათი ერთი წლის შვილი ემი ავტოავარიაში დაიღუპნენ. დაშავდნენ ბო და ჰანტერ ბაიდენებიც. ბო ბაიდენი დელავერის გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა და 2015 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

1977 წელს ბაიდენმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე მასწავლებელი, ჯილ ტრეისი იაკობსი გახდა.

რომ არა ნიქსონი, ბაიდენი რესპუბლიკელი იქნებოდა

1968 წელს, უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ბაიდენი მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში, რომელიც დელავერელ ცნობილ რესპუბლიკელ უილიამ პრიკეტს ეკუთვნოდა. ბაიდენის თქმით, მაშინ „თავს რესპუბლიკელად განიხილავდა“.

იგი უკმაყოფილო იყო მაშინდელი დემოკრატი გუბერნატორით და მხარს მის ოპონენტს უჭერდა. მის „გარესპუბლიკელებაზე“ პარტიის ადგილობრივი მესვეურები მუშაობდნენ, მაგრამ ბაიდენი მაშინ დამოუკიდებელ ამომრჩევლად დარეგისტრირდა, რადგან რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი, რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონი არ მოსწონდა. მოგვიანებით ბაიდენი დემოკრატთა რიგს შეუერთდა.

პარტიის ეგიდით 1970 წელს მან ნიუ კასლის საგრაფოს საბჭოს წევრად იყარა კენჭი და გაიმარჯვა, ორ წელიწადში კი აშშ-ის სენატორად იყარა კენჭი.

ამ შემთხვევაშიც, ბაიდენის მომავალზე უკვე პრეზიდენტმა ნიქსონმა იქონია გავლენა. მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი კალემ ბოგსი აღარ აპირებდა კენჭისყრას, რის გამოც რესპუბლიკელები მძიმე და კონკურენტულ პრაიმერს [შიდაპარტიულ არჩევნებს] ელოდნენ. სწორედ ნიქსონმა სთხოვა ბოგს, კენჭი კიდევ ერთხელ ეყარა.

ბაიდენი, თავის მხრივ, ერთადერთი იყო, ვინც დემოკრატთა რიგებში იმ წელს სენატის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდა. საარჩევნო კამპანიას, რომელიც უპერსპექტივოდ მიიჩნეოდა, მისი და ვალერი ბაიდენ-ოუენსი ჩაუდგა სათავეში.  საბოლოო ჯამში, ბაიდენმა ბოგსი 3 162 ხმით დაამარცხა და კიდევ შვიდჯერ გაიმარჯვა სენატის არჩევნებში.

არჩევნების დღეს ბაიდენი მხოლოდ 29 წლის იყო და სენატორობისთვის აუცილებელ 30-წლიან ნიშნულს მხოლოდ 30 ნოემბერს მიაღწია. 3 იანვარს მან ფიცი დადო და აშშ-ის ისტორიაში იმ მომენტისთვის მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.

36 წელი აშშ-ის სენატში

ბაიდენი სენატორის პოსტს 1973 წლიდან 2009 წლამდე იკავებდა და იგი 15 იანვარს — ვიცე-პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე დატოვა. დღევანდელი მონაცემით, სენატში გატარებული წლების რეიტინგში ბაიდენი მე-18 პოზიციაზეა.

2001-03 და 2007-09 წლებში იყო სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, 1987-1995 წლებში კი იურიდიულ კომიტეტს ედგა სათავეში. 36-წლიანი სენატორობით ბაიდენმა პრეზიდენტობისთვის აუცილებელი გამოცდილება მოაგროვა, თუმცა, ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა და ისეთი აზრი გამოთქვა, რის გამოც მოგვიანებით კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა:

პრეზიდენტობის ორი წარუმატებელი მცდელობა

1987 წელს, როცა პრეზიდენტის პოსტზე რონალდ რეიგანის მემკვიდრე უნდა აერჩიათ, ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადა. თავდაპირველად იგი ძლიერ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ მისი პოზიციები შეირყა, როცა გამოვლინდა, რომ გამოსვლებში ბაიდენი ხშირად იყენებდა სხვა პოლიტიკოსების — ჯონ კენედის, ჰიუბერტ ჰამფრისა და ნილ კინოქის სიტყვებს. 1987 წლის 23 სექტემბერს ბაიდენი ბრძოლას გამოეთიშა და განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა გადაფარა წარსულის შეცდომების „ჩრდილმა“.

მეორე მცდელობა მას 2008 წელს ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში ბაიდენის კამპანიას ორმა სხვა ადამიანმა „შეუშალა“ ხელი — ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ. უკანასკნელმა მოახერხა პრაიმერში გამარჯვება და მოგვიანებით, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ობამა-ბაიდენის წყვილმა 2008 წელს მაკკეინ-პეილინი, 2012 წელს კი რომნი-რაიანი დაამარცხა.

2015 წელს აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ 2016 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ბაიდენიც იბრძოლებდა. თუმცა, როგორც თავად მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ამ განზრახვაზე უარი შვილის გარდაცვალების გამო თქვა.

2020 წლის პრაიმერი

2020 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატობის რეკორდულად ბევრი — 29 მსურველი იყო. კანდიდატებს უხეშად ჰყოფდნენ ორ კატეგორიად: მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებად [ბერნი სანდერსი, ელიზაბეთ უორენი, ტულსი გაბარდი] და ცენტრისტული ფრთის წარმომადგენლებად [ბაიდენი, კამალა ჰარისი, კორი ბუკერი, მაიკლ ბლუმბერგი].

ბაიდენი, რომელიც ხმის მიცემის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თავდაპირველად ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება ორ უმნიშვნელოვანეს — აიოვასა და ნიუ ჰემფშირის შტატების პრაიმერში. პირველი გამარჯვება ბაიდენმა 29 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში მოიპოვა. მარტის დასაწყისში, ბრძოლას გამოეთიშა ფაქტიურად ყველა კანდიდატი, რომელიც ცენტრისტული ფრთის წარმომადგენლად მიიჩნეოდა. ყველა მათგანმა, ელიზაბეთ უორენის გარდა, მაშინვე მხარი დაუჭირა ბაიდენს, რომლის ერთადერთი მოწინააღმდეგე ბერნი სანდერსი იყო. სანდერსმა თავისი კანდიდატურა ერთ თვეში მოხსნა, 13 აპრილს კი ბაიდენს დაუჭირა მხარი.

რას უნდა ველოდოთ ბაიდენისგან?

ბაიდენის პროგრამა ძირითადად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს არსებული პოლიტიკის გაგრძელებას და გაუმჯობესებას გულისხმობს. კერძოდ:

რა აშორებს ბაიდენს ოფიციალური პრეზიდენტობისგან?

მას შემდეგ, რაც შტატებში ხმებს საბოლოოდ დაითვლიან, ბაიდენის კონკურენტი დონალდ ტრამპი ზოგ შტატში ხმების გადათვლის მოთხოვნას სასამართოში აპირებს.

ამის შემდეგ, ამომრჩეველთა კოლეგიამ ოფიციალურად უნდა აირჩიოს აშშ-ის პრეზიდენტი, რისთვისაც კანდიდატს, სულ მცირე, 270 ხმა უნდა ჰქონდეს. 2021 წლის იანვარში კი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.


ასევე გირჩევთ გაეცნოთ: