ახალი ამბები

ოლქში გადათვლით აღმოჩნდა, რომ საბურთალოს ერთ უბანზე 3 პარტიას ხმები დაკლებული ჰქონდა

5 ნოემბერი, 2020 • 1950
ოლქში გადათვლით აღმოჩნდა, რომ საბურთალოს ერთ უბანზე 3 პარტიას ხმები დაკლებული ჰქონდა

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით გადათვალა პროპორციული ბიულეტენები ერთ-ერთი უბანზე (03.03.52), სადაც ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამი 92-ით ნაკლები იყო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საოლქო კომისიამ დაადგინა, რომ კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენისას საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა მექანიკური შეცდომა, კერძოდ:

  • “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელის” მიღებული საარჩევნო ბიულეტენების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;
  • “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” მიღებული ბიულეტენების გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;
  • “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიღებული ბიულეტენების გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.

განკარგულება “პატრიოტთა ალიანსმა” გაასაჯაროვა, როგორც პარტიისთვის ხმის ჩამოკლების ფაქტობრივი მტკიცებულება.

პატრიოტთა ალიანსი, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ისეთი უბნის შედეგების გაბათილებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ, სადაც შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ ჯდება.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნების შედეგს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. როგორც პარტიები, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ოქმების დიდ ნაწილში ფიქსირდება დისბალანსი ან ოქმების გადასწორების ფაქტები.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს. ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში. აქედან, 13-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების საფუძველზე, ხოლო 2-მა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადაითვალა.

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ და რიგ შემთხვევებში, არაუფლებამოსილი პირები სხდომებზე შეჭრას ცდილობენ.

როგორც ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საჩივრების ნაწილი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ, შესაბამისად, კომისიებს მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები არ ჰქონდათ.

“თუმცაღა, საოლქო სააღჩევნო კომისიებმა, რიგ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით მოახდინეს რეაგირება საჩივრებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის შედეგები გადაითვალა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა კომისიამ გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო განცხადება/საჩივრების საფუძველზე, ხოლო 2-მა — საკუთარი ინიციატივით. 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები. 8 შემთხვევაში მონაცემები უცვლელი დარჩა”, — განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს წარმომადგენელმა მაგალითად მოიყვანა მთაწმინდის ოლქის 01.01.18 უბანი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით გადათვალა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მიღებული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით, აქედან გამომდინარე, განკარგულებით გასწორდა აღნიშნული ხარვეზი.

ისანში, სადაც 1 სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები იყო გადათვლილი, კალანდარიშვილის თქმით, მაჟორიტარულ ნაწილში შედეგები გაუქმდა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი