ოპოზიცია თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავს

ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ და 8 ნოემბერს აქციაზე მისვლის მოწოდებით საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ.

საპროტესტო მსვლელობა ბუკიას ბაღიდან დაიწყო და ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდება.

“ოპოზიცია იყენებს ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს, თუმცა ხდება სრული იგნორირება და საჩივრების განუხილველად დატოვება. პარალელურად გრძელდება მშვიდობიანი აქციები იმიტომ, რომ ხალხის ნება და დაკვეთაა, მათი ხმების მოპარვას არ შევეგუოთ”, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს მართავს. 8 ნოემბერს დაგეგმილია ოპოზიციის მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე.