რუსეთში ახალი კორონავირუსის დღიურად დადასტურებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 4 ნოემბერს, პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ, ახალი შემთხვევების რიცხვი პირველად გადასცდა 19 000-ს. რეკორდულია დაღუპულთა რაოდენობაც: 389 ადამიანი 24 საათში.
ჯამში, რუსეთში COVID-19-ის 1,693,454 შემთხვევაა აღრიცხული. ამ მონაცემებით, ის მეოთხე სახელმწიფოა ვირუსის გავრცელების მასშტაბების მიხედვით. დაღუპულთა რიცხვი 29 207-ს შეადგენს.
რუსეთის “კორონავირუსის ეროვნული ცენტრის” თანახმად, ახალი შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო პაციენტებზე მოდის.
The Moscow Times-ის ცნობით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია, რომელზეც დღევანდელი შემთხვევებიდან 5 826 ინფიცირებული მოდის. შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა პეტერბურგშიც.
ამასთან, 4 ნოემბერს 15 567 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1 266 931-ს მიაღწია.




