ყარაბაღში ღამით მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაშავდნენ |სომხური მხარე

სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღში, ქალაქ შუშის მიმართულებით, ღამის განმავლობაში აზერბაიჯანული მხარის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაშავნდნენ.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებები ამჟამადაც სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

სომხური მხარის მიერ განხორციელებულ სროლაზე იუწყება ბაქო. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხური შეიარაღებული ძალები აგდამის რაიონის სოფლების მიმართულებით ისვრიან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.

ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა აეღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონებში, ასევე ქალაქი ჰადრუთი.