გიორგი რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ციხეში რურუას კრიმინალური ჯგუფი დაესხა თავს, რომელიც ხელისუფლების მიერ გაცემულ დავალებას ასრულებდა.
დღეს პენიტენციურმა სამსახრუმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. უწყებამ ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოც გამოქვეყნა. ნეტგაზეთთან საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოს გამოქვებამდე უწყებას მისგან თანხმობა არ მიუღია.
„ჩემგან არ ჰქონია თანხმობა და დარწმუნებული ვარ, არც გიორგი რურუა გასცემდა თანხმობას ჩემ გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ახლა მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ თანხმობა ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო“, – ამბობს საძაგლიშვილი ნეტგაზეთთან.
მისივე განმარტებით, ვიდეოს გავრცელებაში პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან – „ეს ადასტურებს იმ განცხადებებს, რომლებსაც მანამდეც ვაკეთებდით: ეს იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან,“.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ხელისუფლების მითითებების შესაბამისად მოქმედი კრიმინალები, რომლებმაც შეასრულეს დავალება და ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს.
პირველი ის, რომ გიორგი რურუა სამარტოო საკანშია და მას გადაადგილებისას სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია არ აქვს. მეორე ის, რომ არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა და საერთოდ არ იცნობს გიორგი რურუა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, და ეს გამორიცხავს, თითქოს მხარეებს შორის ჩხუბი ან/და კონფლიქტი არსებობდა. და მესამე, დრო – ეს მოხდა არჩევნებიდან მეორე დღეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო რურუაზე ანგარიშსწორება“, – აცხადებს ადვოკატი.
დიტო საძაგლიშვილი გვიყვება, რომ რურუა დაკავებამდე და დაკავების შემდეგ აკრიტიკებდა ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს, რაც ანგარიშსწორების მიზეზი გახდა.
„ფაქტია, ხელისუფლება გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე“, – ამბობს ის და ამატებს, რომ მას არ აქვს ნდობა გამოძიების მიმართ, რომელიც თავდასხმაზე დაიწყო.
ჩვენს კითხვაზე, აქვთ თუ არა რაიმე გარანტიები, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, საძაგლიშვილი გვპასუხობს, რომ ასეთი გარანტიები უბრალოდ არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შეატყობინებენ სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებს, რომ ციხეში გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყება ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება.
სამსახური წერს, რომ ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით, გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა.
როდესაც პ.ნ-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, – წერია უწყების განცხადებაში.





