ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]“ ამბობს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ 8%-ში ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას – „რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“. მაგალითად, ISFED-ის ინფორმაციით, საბურთალოს 33-ე საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.

„ამასთანავე, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღედბას იმსახურებს“, – ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე.

ნიჟარაძე განმარტავს, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე – „ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლო შედეგზე მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები,“.

მისივე შეფასებით აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და ამდენად, საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

„ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აცხადებს ნიჟარაძე.

შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესახებ საუბრისას ორგანიზაცია კონკრეტულ მონაცემებსაც აქვეყნებს.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის პირობებში.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას.

PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

„PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს“, – ამბობს ორგანიზაცია.