2016-18 წლებთან შედარებით დარღვევების უფრო დიდი რაოდენობაა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, დღის მეორე ნახევარში  ზოგიერთი უბნის გარეთ საპარლამენტო არჩევნები გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.

TI -საქართველოს მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 31 საჩივარი დაწერეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დარღვევებიდან გამოყოფს შემდეგ ფაქტებს:

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა 

დამკვირვებლების გამოძევება

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

მარკირების წესების დარღვევა

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები