ახალი ამბები

გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ISFED

31 ოქტომბერი, 2020 • 752
გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, მიმდინარე არჩევნებზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

“ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი. ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას”, – განაცხადა ISFED-ის დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 6 საჩივარი- საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა
შემდეგი სახის დარღვევები:

  • 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში “სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა საჯარო მოხელე ყვარლიდან, რომელმაც აცნობა, რომ საჯარო მოხელეებს მიღებული აქვთ დავალება, დილის 8 საათიდან 9 საათამდე მივიდნენ ხმის მისაცემად და საარჩევნო ბიულეტენი ღიად გამოიტანონ კაბინებიდან.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს 8 საათამდე.
  • #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა საარჩევნო უბანზე შესვლა 7:25 საათამდე.
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე 8 საათამდე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან
    გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეუძლიათ
    დანახვა, თუ ვის მისცეს ხმა.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მასობრივად გამოაქვთ ღია ბიულეტენები ისე, რომ დამსწრე პირებმა დაინახონ, ვის მისცეს ხმა. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის შენიშვნას აგრესიით პასუხობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველს ღია ბიულეტენით გამოტანის უფლება აქვს.
  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 უბნზე ამომრჩეველმა ხმა მისცა რეგისტრატორის მაგიდასთან, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს რეაგირება არ მოუხდენით.
  • #78 ბათუმის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველმა ბიულეტენები კაბინებიდან გამოიტანა გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ შესაძლებელი იყო იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა.

ISFED-ის ინფორმაციით, სხვადასხვა უბნებზე ასევე დაფიქსირდა წილისყრის წესის დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დარღვევა, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე, საარჩევნო ყუთის ლუქის დაკარგვა, მარკირების წესის დარღვევა.

„სამართლიანი არჩევნები“ მოქალაქეებს მოუწოდებს, მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე: 90039.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი