- საქართველო – მხოლოდ ერთი გადასახადის მქონე ქვეყანა;
- 50%-ით გაიაფებული წამლები და კერძო დაზღვევა მოქალაქეებს;
- გაზრდილი დაფინანსება მოსწავლეებს და გაზრდილი გრანტები – სტუდენტებს;
- ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება;
- მცირე მთავრობა და დერეგულაცია.
ასე გამოიყურება ძირითადი გზავნილები, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებათა შორის ამოიკითხავთ.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წელს გადაიხადა პოლიტიკური ფასი შეცდომებისთვის და ამომრჩეველმა მათ დამატებითი შანსი უნდა მისცეს. პარტიის დაპირებებსა და სამომავლო გეგმებზე “ნეტგაზეთი” პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ესაუბრა.
როგორ მოვიდნენ 2020-მდე: პარტიის შესახებ მოკლედ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2001 წელს დაფუძნდა, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად”. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის არჩევნების შედეგად, პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და მმართველ ძალას წარმოადგენდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლის შედეგადაც ოპოზიციაში გადავიდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს ან პასუხისგებაში მისცეს ენმ-ის არაერთი მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ.
აღნიშნული საქმეები ეხება ციხეებში პატიმართა წამებას, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასა და “იმედში” შეჭრას, 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას და ა.შ.
ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა საქმეზე ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს, არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში საქმიანობს, თუმცა ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურადაა ჩართული.
პარტია ყველა ამ საქმეს პოლიტიკურ დევნას მიაწერს.
გასულ 8 წელიწადში ჩატარებული არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებითაც, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევა. შიდა დაპირისპირების შედეგად პარტიას 2017 წელს გამოეყო ლიდერებისა და წევრების ნაწილი, რომლებმაც ახალი პარტია “ევროპული საქართველო” დააფუძნეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტულ იდეოლოგიას ემყარება და ევროპარლამენტის დონეზეც ამავე იდეოლოგიის მქონე “ევროპის სახალხო პარტიაში” ერთიანდება. ენმ-ის პრიორიტეტთა შორისაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალში ინტეგრაცია და აშშ-თან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ენმ-ის მიერ მომზადებული “მთავარი გეგმის” გზავნილია “მდიდარი საქართველო, ძლიერი ოჯახი”.
ეკონომიკა
“რეგულაციები ახრჩობს ბიზნესს”
31 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ენმ შეუერთდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მემორანდუმს, რომელიც, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გეგმას მოიცავს.
პარტიები დებენ პირობას, რომ „ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები“. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, მათი გეგმაა „მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება“.
- ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: ნაკლები გადასახადი, პრივატიზაცია, მცირე მთავრობა – რას გპირდებათ ოპოზიცია
ეკონომიკის ნაწილში უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე მსუყე დაპირება $10-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვაა. პარტიის ხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებშიც ინვესტორები ფულს ჩადებენ, თავად ბაზარი განსაზღვრავს, სახელმწიფოს ვალდებულება კი მისთვის ხელის შეწყობაში, კერძოდ, საგადასახადო რეფორმაში, რეგულაციების სახით ბარიერების მოხსნასა და ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს.
რას მოიაზრებს ზემოაღნიშნული? რომან გოცირიძის თქმით, “რეგულაციები ახრჩობს ბიზნესს”, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფო დაწესებულებების შექმნა ჰგონია, რაც არასწორი მიდგომაა. კითხვას, კონკრეტულად რას ხსნის და რას ტოვებს ენმ, რომელი რეგულაციები უშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გოცირიძე პასუხობს, რომ “ძალიან ბევრი რამ [უშლის ხელს] და დეტალური გეგმა პარტიას ექნება ცალკე”.
ბიზნესის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გამო ხელისუფლებაში ყოფნისას ხშირად აკრიტიკებნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. არასამთავრობო სექტორისგან თუ მთავრობის კრიტიკოსების მხრიდან ისმოდა განცხადებები როგორც ბიზნესის დახმარებით ამომრჩევლის მოსყიდვის, ისე ბიზნესმენთა საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ჩარევისა და ზეწოლის შესახებ.
პოლიტიკური პარტიის შემწირველებს შორის მოიძებნებიან ბიზნესმენები, რომლებიც 2012 წლამდე ფულს “ნაციონალურ მოძრაობას” სწირავდნენ, თუმცა მათი შეწირულობების ადრესატი არჩევნების შემდეგ შეიცვალა და ყოფილი მმართველი პარტია მოქმედმა (“ქართულმა ოცნებამ”) ჩაანაცვლა.
ბიზნესის მიმართ რეპრესიულ სახელმწიფო პოლიტიკას “შეცდომას” უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ამის შესახებ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ადეიშვილმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული, “შეცდომებად” მოიხსენია წინასწარი პატიმრობების გამოყენება ბიზნესმენთა მიმართ და მკაცრი მიდგომები მცირე ბიზნესებისადმი. ამჟამინდელი გადმოსახედიდან ადეიშვილი არც ურთიერთობის იმ ფორმებს ამართლებს, რომელთაც ხელისუფლება დარღვევებში შემჩნეული ბიზნესების მიმართ იყენებდა. ამავე ინტერვიუში ადეიშვილმა ასევე თქვა, რომ მის გეგმებში არ შედის სამომავლოდ საქართველოში რაიმე საჯარო თანამდებობის დაკავება.
ოპოზიციაში გადასვლიდან 8 წლის შემდეგ, პარტია რიგ დაპირებებს ახმიანებს, რომელთაც ბიზნესის თავისუფლების ხარისხის ამაღლების სურვილით ხსნის. მათ შორის არის ეკონომიკური და საგადასახადო გადაცდომებისთვის პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გაუქმება. ამასთან, პარტია პირობას დებს, რომ ფინანსური პოლიცია, რომელიც ახლა შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაშია, გაუქმდება, საგადასახადო დავებში კი გაიზრდება არბიტრაჟის, მათ შორის, უცხოური არბიტრაჟის როლი.
დერეგულაციის ნაწილში საყურადღებოა საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში დამტკიცებული ცვლილებები შრომის კოდექსში, რომლებიც ისეთ საკითხებს წამოწევს წინ, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება, ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა და ა.შ.
კითხვაზე, იგულისხმება თუ არა დერეგულაციაში აღნიშული კანონმდებლობის გადახედვა და რა მექანიზმებით აპირებს პარტია, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები დერეგულირებული ბიზნესის პირობებში, რომან გოცირიძე დასძენს:
“ეს [დერეგულაცია] არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად შრომის საკითხებთან დაკავშირებით უფლებები შეიზღუდოს: ზეგანაკვეთური შრომის კონტროლი, ქალისა და კაცის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა, დეკრეტის საკითხი… [თუმცა] ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ისეთი სახელმწიფო უწყებების შექმნას, რომელიც უკონტროლოდ, ზედმეტი უფლებებით დაიწყებს ბიზნესსუბიექტების გაკონტროლებას კეთილი მიზნით. ყველაფერი კეთილი მიზნით იწყება და მერე ბოროტად მთავრდება”.
“ეტაპობრივად” შემცირებული ბიუროკრატია და გადასახადები
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და “მცირე მთავრობა” ენმ-ის კიდევ ერთი პრიორიტეტია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საუბარია ოპოზიციური პარტიების მემორანდუმშიც, რომელსაც ენმ შეუერთდა. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტში საკმარისი ძალით მოსვლის შემთხვევაში, “არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე“. ეს 8.8%-ით ნაკლებია ამჟამინდელთან შედარებით.
რომან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო აპარატი უნდა გათავისუფლდეს “ბიუროკრატიული ინსტიტუტებისაგან”, რომლებიც “სოკოებივით აღმოცენდნენ” როგორც თვითმმართველობის, ისე ცენტრალურ დონეზე. მას მაგალითად მოჰყავს მიმდინარე წელს შექმნილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო და გასულ წელს შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტო.
“და ყოველთვის არის კითხვა: არ გვინდა ეს? ევროპაშია, სადღაც არის… ნებისმიერი ბოუროკრატიული ორგანიზაცია სადღაც არის. თუ ვამბობთ, რომ ასეთი ორგანიზაცია გვჭირდება, მაშინ გააკეთე ორკაციანი განყოფილება ეკონომიკის სამინისტროში და მორჩა. რატომ ცალკე?
იყო ახალგაზრდობის განყოფილება განათლების სამინისტროში, ხომ? გამოყვეს ცალკე. “ცალკე” ყოველთვის ნიშნავს ცალკე ბიუროკრატიას, უფროსს ორი მოადგილე ჰყავს, იმათ თავისი მანქანები… უამრავი ასეთი დაწესებულება და უამრავი ადამიანია, რომლებიც გაფორმებულნი არიან პოლიტიკური თუ სხვა მიზნით”, – აცხადებს ის.
კითხვას, რას მოიტანს აღნიშნული ხარჯების შეკვეცა და რამდენ ხანშია ეს შესაძლებელი, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ “დღეს, სულ მცირე, მილიარდი ლარის დაზოგვა შეიძლება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით”. რაც შეეხება ვადებს, ის ამბობს, რომ საკითხები, როგორიცაა მივლინებები, პრემიები და წარმომადგენლობითი ხარჯები, “ძალიან სწრაფად” შეიკვეცება, თუმცა “არის რაღაცები, რასაც ეტაპობრივად სჭირდება შემცირება”.

ენმ-ის პროგრამის თანახმად, ეკონომიკური სურათისა და, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესების ერთ-ერთ მთავარ გზად პარტიაში ასევე განიხილავენ საგადასახადო ტვირთის 26%-დან 15%-მდე შემცირებას, ასევე, “გადასახადების განაკვეთის შემცირებასა და თავად გადასახადების რაოდენობის შემცირებას”.
საქართველოში დღეისათვის 6 სახის გადასახადი მოქმედებს. აქედან 5 გადასახადი – დამატებითი ღირებულების(დღგ), საშემოსავლო, მოგების, აქციზისა და იმპორტის – საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების კატეგორიას განეკუთვნება, ერთი კი – ქონების – ადგილობრივი გადასახადის კატეგორიას.
ამა თუ იმ ქვეყნის საგადასახადო სისტემის შესაფასებლად უნივერსალური რეიტინგი არ არსებობს. თუმცა 2015 წელს გავლენიანმა გამოცემამ “ბიზნესინსაიდერმა” მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დაყრდნობით შეადგინა დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნების რეიტინგი. სახელმწიფოები დღგ-ს, საშემოსავლო, მოგების, ქონებისა და სხვა გადასახადების მიხედვით შეფასდნენ.
საქართველო ამ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა 16.4%-ით, მოწინავე პოზიციებზე კი არიან, მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნები, სადაც, ნავთობის დიდი რეზერვების გამო, სახელმწიფოს ბიუჯეტის შესავსებად დიდი მოცულობის გადასახადების აკრეფა არ უწევს. “ნეტგაზეთმა” რომან გოცირიძეს ჰკითხა, ამ ფონზე პოპულისტური ხომ არ არის პარტიის დაპირება გადასახადების მკვეთრ შემცირებაზე. მისი თქმით:
“ეს ეტაპობრივად მოხდება. ეს არ იქნება ერთ დღეში. საგადასახადო რეფორმა იქნება გაწერილი და ეკონომიკის ზრდაზე იქნება დამოკიდებული. თუ ეკონომიკა პანდემიის გამო ჩამოიშალა, დაინგრა და შემდეგ ისევ საგარეო ვალით მოუწია ქვეყანას არსებობა, საბიუჯეტო ხვრელების ამოვსება, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი”.
პანდემიის თანმდევი რისკები კი, რომლებიც რომან გოცირიძემ ახსენა, რეალურია:
მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა 6%-იან რეცესიაში შევიდეს, 160 000 ადამიანი გაღარიბდეს (სიღარიბე 2.8%-ით გაზარდოს), შემოსავლები კი 400 000 ადამიანს შეუმცირდეს.
რამდენ ხანში იგრძნობენ მოქალაქეები პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას საკუთარ თავზე, ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლისა და მისი გეგმების აღსრულების შემთხვევაში? რომან გოცირიძის თქმით, იმ ფონზე, როცა პარტია 4 წელიწადში $10-მილიარდიან ინვესტიციას იზიდავს, ეს ნიშნავს “ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილს”.
“პირველ წელს რეფორმების შედეგად 50 000 სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება, ზოგადად”, – აცხადებს ის.
სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ყველაზე მეტი რეზერვები პარტიას სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა და მომსახურების სფეროში ეგულება. ამ უკანასკნელზე პანდემიის კრიზისის მკვეთრად უარყოფითი გავლენის შეფასებისას, გოცირიძე აღნიშნავს, რომ მომსახურების სფერო კი გაიზრდება, თუმცა არა ისე არათანაბრად, რომ ეკონომიკას საფრთხე შეექმნას.
“გაიზრდება სხვა დარგებიც და მომსახურების სფეროს ხვედრითი წილი იქნება იმ ზომაზე, რომელიც ახლა მომხდარი რყევების მსგავსი პროცესების შემთხვევაში, ეკონომიკაზე ისეთ გავლენას ვერ მოახდენს, როგორიც ახლა მოახდინა”, – ამატებს ის.
საქართველო – 1 გადასახადის მქონე ქვეყანა
საგადასახადო რეფორმის კუთხით, რომელზეც რომან გოცირიძემ ისაუბრა, უფრო შორს მიდის საკუთრივ პარტიის “მთავარი გეგმა”. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო უნდა გახდეს “1 გადასახადის მქონე ქვეყანა” მას შემდეგ, რაც მოგების, საშემოსავლო და დივიდენდების გადასახადები გაუქმდება და მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი დარჩება.
პარტიის ხედვით, აღნიშნული რეფორმა, ერთი მხრივ, მეტ ფულს დატოვებს ბიზნესისა და მოქალაქეების ჯიბეში, მეორე მხრივ კი, საქართველოს ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველ სახელმწიფოდ აქცევს.
ამჟამინდელი სურათი ასეთია: 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლებმა, ჯამში, 10 675 037 ლარი შეადგინა. აქედან 9 695 962 ლარი ბიუჯეტმა გადასახადებით მიიღო. დღგ-ს წილი – ერთადერთი გადასახადისა, რომლის ადგილსაც “ნაციონალური მოძრაობა” მომავლის საქართველოში ხედავს – გადასახადებიდან შესული ჯამური თანხის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. დანარჩენი წილი კი მოგებისა და საშემოსავლო, ასევე, აქციზისა და სხვა გადასახადებს უკავია.
საიდან მოდის თანხა, რომელიც, ერთი მხრივ, გადასახადების გაუქმებით შემცირებულ შემოსავლებს შეავსებს, მეორე მხრივ კი – ფისკალური არასტაბილურობის რისკებს?
ირაკლი ყიფიანი, რომელიც პარტიის ეკონომიკური გეგმისა და საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ავტორია, ასე პასუხობს “ნეტგაზეთის” კითხვას: პროცესი მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყება, თუმცა გადასახადების მყისიერად მოხსნა არ იგეგმება. ისინი ყოველწლიურად 5-5%-ით შემცირდება, 2024 წელს კი საერთოდ გაქრება როგორც მოგებისა და საშემოსავლო, ისე დივიდენდების გადასახადები.
მათი ხედვით, რეფორმების შედეგად ეკონომიკური ზრდის პირობებში, რომელიც ენმ-ის გათვლებით პირველ წელს 7.5% იქნება, 2023 წლისთვის კი – 12%, სხვა გადასახადების წილს დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ) დააკომპენსირებს, რომლის მოცულობაც გაიზრდება, ვინაიდან მეტი ფული დარჩებათ მოსახლეობასა და ბიზნესს.
“როცა ეკონომიკა იზრდება 7.5%-ით, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში შემომდის მეტი დამატებითი ღირებულების გადასახადი. დღეს რომ მე შევამცირე საშემოსავლო მოგება, მეტი ფული დავუტოვე ბიზნესს და მოქალაქეებს, ეს მოქალაქე წავიდა, დახარჯა ფული და ეკონომიკაში შემოვიდა დღგ.
დამატებით საგადასახადო ნაწილს მე ვიღებ დღგ-დან. ეკონომიკის ზრდის ტემპებთან ერთად, 5%-იან შემცირებას აკომპენსირებს დღგ… პირობითად, გუშინ თუ დღგ-დან შემოგდიოდა 1 მილიარდი, პირობითად ვამბობ, დღეს უკვე დღგ შემოგდის 7.5%-ით მეტი,იმიტომ, რომ ეკონომიკა გეზრდება”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” ირაკლი ყიფიანი.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, 4 წელიწადში საქართველოში საშუალო ხელფასი თითქმის გაორმაგდება და 2 000 ლარს მიაღწევს. აღნიშნულის ერთ-ერთ წინაპირობად ენმ-ს საგადასახადო რეფორმა მიაჩნია, როცა მოქალაქეებს ხელფასების 20% აღარ ჩამოეჭრებათ.
2020 წლის II კვარტალში შემცირების შემდეგ, ქვეყანაში საშუალო ხელფასად დღეს 1 150 ლარი მიიჩნევა, თუმცა არსებობს კრიტიკა საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. საქსტატი საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საშუალო არითმეტიკულის მეთოდს იყენებს. მაგალითად, საერთო ჯამური ხელფასები იყოფა იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვინც ხელფასს იღებს.
სპეციალისტები დათვლის უფრო რეალისტურ მეთოდად მიიჩნევენ მედიანურს. ამ შემთხვევაში კი ხელფასები ლაგდება ზრდადობის მიხედვით, და მედიანურ ხელფასად ითვლება მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვი.
- ვრცლად ხელფასის საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით გამოთვლაზე, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია.
ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება
“ნაციონალური მოძრაობა” ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო ინვესტიციის სახით ნახევარი მილიარდი ლარის ჩადებას გეგმავს, თუმცა გაცილებით მეტს ელის სამედიცინო ტურიზმიდან, რომლის განვითარებას, პარტიის ხედვით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
თუმცა, სანამ შედარებით გრძელვადიან პერსპექტივებზე გაგვაცნობდნენ თავიანთ ხედვებს, პარტიაში გვესაუბრნენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციის გეგმაზე, რომლის მიღწევასაც ენმ კერძო სექტორზე ორიენტირებით აპირებს.
პარტიის პროგრამის ავტორის, ირაკლი ყიფიანის აზრით, დღევანდელი სისტემის პირობებში “საავადმყოფოს მოტივაცია გახდა ის, რომ იმაზე მეტი სერვისები გამოუწეროს ადამიანს, ვიდრე ეს მას სჭირდება, რათა მეტი თანხა მიიღოს სახელმწიფოსგან”.
მისი განცხადებით, ენმ-ის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო საავადმყოფოს კი არ გადაურიცხავს მოქალაქისთვის გამოყოფილ თანხას, არამედ უშუალოდ მოქალაქეს მისცემს “400-ლარიანი კერძო პრემიუმდაზღვევის” ვაუჩერს. შემდგომ ეს ადამიანი მისთვის სასურველ კერძო სადაზღვეო კომპანიაში მიიტანს აღნიშნულ ვაუჩერს და სწორედ ეს კომპანია მოემსახურება შემდგომი პერიოდის განმავლობაში. ვაუჩერს მიიღებს ყველა, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით 50 ათას ლარამდე, გადაუდებელი და გეგმური ოპერაციების სრული დაფინანსებით.
2020 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯები 1 210 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 750 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვას ხმარდება, რაც ამ მიმართულების მთლიანი ბიუჯეტის 62.3%-ია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხედვით, ნახევარ მილიარდამდე ლარია საკმარისი, რათა პირველსავე წელს საყოველთაო ჯანდაცვა კერძო მოდელზე გადაეწყოს. კითხვას, საიდან მოიტანს სახელმწიფო ამ ფულს, პარტიაში პასუხობენ, თანხის მობილიზება შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის ოპტიმიზაციის შედეგად, ბიუროკრატიის შეკვეცისა და “მცირე მთავრობის” ფარგლებში.

გეგმის აღსრულების შემთხვევაში, რას იღებენ მოქალაქეები კერძო დაზღვევით? ირაკლი ყიფიანის თქმით, მოდელის სარგებელი იქნება უფასო გამოკვლევები, რომელთა რაოდენობაც გაიზრდება, თუმცა ერთი აუცილებელი პირობით:
გამოკვლევები პაკეტით მოსარგებლე მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება, რათა მუდმივად კონტროლდებოდეს მისი ჯანმრთელობა. მეორე მხრივ, ყიფიანის თქმით, დაზღვევის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ მედიკამენტებზე.
“ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს, 3 მილიარდი ლარი ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო ტურიზმიდან მოიზიდოს.
2019 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში შემოსული ვიზიტორების 1,8%(135 900) ეწვია ქვეყანას მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით. სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას კონკრეტული სამედიცინო სერვისებისა და ამ მიზნით შემოსული ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის შესახებ.
როგორ აპირებს სურათის რადიკალურად შეცვლას ენმ? პარტიაში მიიჩნევენ, რომ საგადასახადო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად უქმდება ყველა გადასახადი, გარდა დღგ-სი, საქართველოს მიმზიდველს გახდის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენებისთვის. პარტიის აზრით, ჯანდაცვის მინისტრმა უნდა შეითავსოს “ელჩის” ფუნქცია, რათა დაარწმუნოს ისინი თავიანთი მაღალტექნოლოგიური კლინიკების ფილიალების საქართველოში გახსნის სარგებლიანობაში.
“ჩვენ ტექნოლოგიის შექმნა კი არ უნდა დავიწყოთ ჯანდაცვაში. მაგალითად, ავიღოთ თურქეთის ძალიან მაგარი კლინიკა, სადაც პაციენტები ჩადიან. მისი პატრონი ხომ ბიზნესმენია? იმ ადამიანს საქართველოში ჩამოსვლის მოტივაცია უნდა შეუქმნა. თუ ის თავის წარმატებულ კლინიკას გახსნის აქ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მყისიერად შემოდის ტექნოლოგია, მყისიერად შემოდის ცოდნა”, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
პარტია სამიზნე სახელმწიფოებად ძირითადად განიხილავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აზიის რეგიონში, ამ კუთხით პერსპექტიულ დარგებად კი – ოფთალმოლოგიას, კარდიოლოგიურ მიმართულებას, თმის გადანერგვას, სტომატოლოგიას და სხვა. მათი ხედვით, პაციენტების ნაკადი პირველივე წელს გაიზრდება, 4 წლის შემდეგ კი სამედიცინო ტურისტების რაოდენობა იქნება “დრამატულად მეტი”.
ენმ-ში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყანაში გაზრდის ეკონომიკური განვითარება და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფასის დადგენის საქმეში:
“ფასი უნდა დაარეგულიროს კონკურენციამ და კონკურენციაზე აწყობილი სისტემაა ის, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ: კერძო სადაზღვეოების შემოყვანა და ტექნოლოგიების შემოდინება”.
პარტიის პროგრამაში ვკითხულობთ დაპირებას მედიკამენტების ფასების განახევრების შესახებ, თუმცა გეგმა უფრო შორსაც მიდის: განახევრებაში მხოლოდ ზემოხსენებული კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული 50%-იანი ფასდაკლება მოიაზრება. პარტია უშუალოდ სააფთიაქო ფასების შემცირების პერსპექტივასაც ხედავს.
საქართველოში წამლების ფასების საკითხი მეტად კომპლექსური საკითხია. ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილი მხოლოდ 13%-ია, დანარჩენი კი სამ დიდ კომპანიას შემოაქვს, მათ შორის, პსპ-ს, რომელიც აღნიშნავს, რომ მაგალითად, თურქეთში წამლების ღრებულების დიდ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს, მწარმოებელთა დიდ ნაწილს ქარხანა თურქეთშივე აქვს და, ცხადია, წამლები იქ უფრო იაფი იქნება. ამასთან, ამბობენ, რომ სცადეს მათთან მოლაპარაკება მისაწოდებელი ფასების შემცირებაზე, თუმცა, უშედეგოდ.
მეორე მხრივ, ექსპერტები საუბრობენ ქართველი დისტრიბუტორების მაღალ მარჟებზე, დავით სერგეენკო კი ჯანდაცვის მინისტრად მუშაობისას ამბობდა, რომ საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების 100% კერძოა და ფასებს თავად ადგენენ.
რას ცვლის ენმ? ამ შემთხვევაში პარტია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გამოყენებას გეგმავს. მისი ხედვით, სამედიცინო ტურიზმის მსგავსად, ამ მიმართულებითაც ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოური მწარმოებლები საქართვლოში საქმიანობით უნდა დააინტერესოს.
“საქართველოში ფარმაცევტული კომპანია შეიქმნება იმ შემთხვევაში და დაიწყებს მედიკამენტების წარმოებას, თუ ჩვენ შევთავაზებთ მსოფლიოს მწარმოებელ კომპანიებს, რომ საქართველოში წარმოება ნიშნავს პროდუქციის ევროპაში, ჩინეთში გატანას ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე”, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
პარტიის ხედვით, ბაზარზე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილის ზრდა სააფთიაქო ფასების შემცირებასაც გამოიწვევს.
სოციალური მიმართულებით ენმ 600 მილიონი ლარის მობილიზებას აპირებს. როგორც ამბობენ, ასევე ბიუჯეტის ოპტიმიზაციის გზით. 2021 წელს პენსიების 300 ლარამდე გაზრდას გეგმავენ, 2023 წლის ბოლოსთვის კი – 400 ლარამდე.
რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ენმ დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულის 200 000-მდე გაზრდას გეგმავს, სოციალურად დაუცველი ოჯახების თითოეული წევრისთვის კი, დახმარების 100 ლარამდე გაზრდას, ასევე, პირველივე წელს.
განათლება
“ნაციონალურ მოძრაობას” საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადაყვანა სურს და თითოეული აღსაზრდელის მშობელს 1 500-ლარიან ვაუჩერს ჰპირდება, რომლითაც ისინი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ბავშვი კერძო ბაღში შეიყვანონ თუ საჯაროში.
ასეთივე გეგმა აქვს პარტიას სკოლების შემთხვევაში. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მოსწავლის ვაუჩერი, რომელიც ეტაპობრივად 2 000 ლარამდე გაიზრდება, უნდა მიეცეს მშობელს და შემდგომ მან გადაწყვიტოს, რომელ სკოლაში მიიყვანს შვილს, იქნება ეს კერძო თუ საჯარო. სკოლებში ამჟამადაც ვაუჩერული სისტემა მოქმედებს, თუმცა დაფინანსების ოდენობა განსხვავდება სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის, ასევე, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სექტორების მიხედვით. უფრო მეტი დაფინანსება აქვთ მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სკოლებს.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მშობლის ხელში ვაუჩერის გადასვლა სექტორს მეტად კონკურენტულს გახდის და აიძულებს საჯარო სკოლებს, გააუმჯობესონ სტანდარტი. ამასთან, ვაუჩერის 2 000 ლარამდე გაზრდა სკოლის შემოსავალსაც გაზრდის, რაც მასწავლებლის ხელფასზეც აისახება. პარტიაში ასევე საუბრობენ პედაგოგთა პროფესიული გადამზადების ხარისხის აწევის აუცილებლობაზე.
კიდევ როგორ უმჯობესდება სტანდარტი? პარტიის ხედვით, სკოლებს “მაქსიმალური ავტონომია” უნდა მიეცეთ. კერძოდ, თითოეული სკოლის სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლად შეეძლოს დირექტორის არჩევა, სკოლამ თავად განსაზღვროს პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმები და სასწავლო გეგმის გარკვეული ნიუანსებიც.
სკოლების დეცენტრალიზებისა და დეპოლიტიზების მნიშვნელობაზე საუბრობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილიც, რომელიც სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 2007 წელს დასაქმდა. როგორც თავად ამბობს, 13 წლის წინ ზემოხსენებულ პოზიციაზე თავისუფალი კონკურსის გზით, მისთვის სასურველი სკოლის სამეურვეო საბჭომ აირჩია.

“ნაციონალური მოძრაობა” სკოლების დეცენტრალიზაციაზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც საუბრობდა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარებული ერთ-ერთი რეფორმა სწორედ მასწავლებლებისა და მშობლებისგან დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორის არჩევის წესს შეეხებოდა. თუმცა, პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის გარკვეულ პერიოდს, განსაკუთრებით კი, დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრად საქმიანობის წლებს (2009-2012), არაერთგზის აფასებდნენ სკოლების განსაკუთრებული პოლიტიზების მცდელობად.
მაშინ დირექტორების არჩევის კომპეტენცია კვლავ სამინისტროს დაექვემდებარა, არაერთი დირექტორი თუ პედაგოგი კი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” განათლების სამინისტროს სიაც გადასცა, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული დირექტორების სახელები და გვარები იყო თავმოყრილი.
სკოლის საქმეებში ჩარევისა და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებზე, რომლებიც პედაგოგთა და დირექტორთა ნაწილი ჰყვებოდა, ნინო კვიტაიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ვერ დაადასტურებს, რადგან თავად აღნიშნული პრაქტიკა არ შეხებია. კრიტიკის საპირწონედ ის იხსინებს დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის, ინგლისურენოვანი მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანას.
შაშკინის პერიოდსა და კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისას კვიტაიშვილმა თქვა, რომ მსგავსი ბრალდებების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. კითხვაზე, საერთოდ გამორიცხავს თუ არა, რომ იმ პერიოდში სკოლის პოლიტიზების ფაქტები იყო, ნინო კვიტაიშვილმა გვიპასუხა:
“შეცდომები იყო და ჩვენ ვაღიარეთ ეს შეცდომები და ქართველმა ხალხმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც 2012 წელს მიიღო… თუ რამე შეცდომა იყო განათლების თუ სხვა სისტემაში, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, დადგა გარკვეული პოლიტიკური განაჩენი და “ნაციონალური მოძრაობა” 8 წელია, ჩამოშორებულია ხელისუფლებას.
ახლა ამ შეცდომების გახსენება არის ყურადღების გადატანა დღეს არსებული ვითარებიდან, როცა ჩვენ ვიცით გარდაცვლილი სკოლის დირექტორი იმ ეგზეკუციის შემდეგ, რაც ია კერზაიას მიმართ განახორციელეს”.
ნინო კვიტაიშვილის თქმით, პარტია სკოლის დეპოლიტიზების სტრატეგიის ნაწილად მის დეცენტრალიზაციას, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის ავტონომიის მინიჭებას განიხილავს. მათ შორის ის ახსენებს საშტატო განრიგის განსაზღვრის თავისუფლებას, ბიუჯეტის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სხვა კომპონენტების მთლიანად გადაბარებას სკოლის ადმინისტრაციისთვის. მისი თქმით, სკოლებმა რეალურად უნდა ისარგებლონ იმ დისკრეციებით, რომლებიც დღეს “მხოლოდ ქაღალდზეა”.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას: პარტიის ხედვით, ეტაპობრივად უნდა გაორმაგდეს სახელმწიფო გრანტის ოდენობა სტუდენტებისთვის და 2 250 ლარიდან 4 500 ლარამდე გაიზარდოს. ენმ-ის ხედვით, ეს შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, რეზერვში დარჩენილი თანხით სხვა, შედარებით მაღალი საფასურის მქონე უნივერსიტეტებში გადავიდნენ სასწავლებლად, ან საზღვარგარეთ ისწავლოს გარკვეული პერიოდის მანძილზე.
ზემოაღნიშნული ინიციატივებისთვის, პარტია, ჯამში, 850- მილიონიანი ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს. აქედან 100 მილიონი საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უნდა მოხმარდეთ, 600 მილიონი – მოსწავლეებს, 150 მილიონი კი – სტუდენტებს. ისევ და ისევ, საიდან მოდის ეს ფული და იქნება თუ არა საკმარისი ამისთვის რიგი გადასახადების გაუქმების ხარჯზე გაზრდილი დღგ და ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, რაზეც პარტიაში სხვა დაპირებებთან დაკავშირებითაც საუბრობენ? ენმ-ის ერთ-ერთი სახე ხატია დეკანოიძე პასუხობს:
“გადასახადების შემცირება მოხდება ნელ-ნელა, ოთხწლიანი ფორმულით, ნელ-ნელა შემცირდება ისე, რომ მთელი ეს აკუმულირებული ფული დარჩეს მცირე ბიზნესში და ბიზნესში. როდესაც ვითარდება ბიზნესი, მოდის მეტი ინვესტიცია და იბუსტება ქვეყნის ეკონომიკაც”.
ხატია დეკანოიძის თქმით, “მცირე მთავრობის”, შეკვეცილი ბიუროკრატიისა და განათლების სექტორში ამ ცვლილებების მეშვეობით მობილიზებული მეტი რესურსის პირობებში, ანაზღაურების ამ ნიშნულამდე აწევა “რამდენიმე თვეშია” შესაძლებელი. კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია რამდენიმე თვეში ბიუროკრატიული აპარატიდან იმდენი თანხის გამოთავისუფლება, რომ პედაგოგების ხელფასებმა 2 000 ლარს მიაღწიოს, ის პასუხობს:

“ეს ერთ თვეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება, მაგრამ ძალიან მარტივად, ხელმძღვანელი პირების მოქმედებით და პარლამენტის კანონშემოქმედებითი პროცესის საფუძველზე, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება სავსებით შესაძლებელია რამდენიმე თვეში”.
ეკონომიკის მსგავსად, პარტია დერეგულაციას ემხრობა განათლებაშიც: ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭო უნდა დარჩეს, თუმცა, მხოლოდ “კომპეტენციების დონეზე”. მისი ხედვით, საბჭოს კომისია არ უნდა შედიოდეს უმაღლეს სასწავლებლებში და, მარტივად რომ ვთქვათ, საბჭო არ უნდა იყოს ორგანო, რომელიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტში სწავლების ხარისხს განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი, წყვეტს, არის თუ არა ის ავტორიზაციის ღირსი.
კითხვას, ვინ უნდა შეამოწმოს ხარისხი გარკვეული პერიოდულობით, დეკანოიძე პასუხობს, რომ ეს საერთოდ არ იქნება საჭირო, როცა უნივერსიტეტებს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამები ექნებათ. მისი თქმით, დერეგულაციის მიუხედავად, ეს აუცილებელ პირობად დარჩება.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ძალიან ბევრი პროგრამა აკრედიტებულია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ბევრი პროგრამის სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მაგალითად, გენდერის კვლევები თსუ-ში. ეს ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებლისთვის ბუნებრივია”, – ამბობს ის.
საგარეო პოლიტიკა
“ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს “ნატოში” გაწევრიანების საკითხი “დღის წესრიგიდან მოიხსნა”. რას არ აკეთებს ახლა მთავრობა და რას გააკეთებს ენმ, თუ ხელისუფლებაში მოვა? სალომე სამადაშვილის თქმით, პირველ რიგში, ეს არის “ნატოში საქართველოს გაწევრიანების ლობირება”.
კითხვას, კონკრეტულად რა მოიაზრება ლობირებაში, სამადაშვილი პასუხობს:
“პირველ რიგში, საკითხი დღის წესრიგში უნდა გაჩნდეს, რადგან აღარავინ ითხოვს აღარაფერს აქტიურად. ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაყინულ ფაზაშია შესული, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის ნატოში გაწევრიანება.
ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნებისმიერი ქვეყნისა, რომელსაც სურს ნატოში გაწევრიანება, პირველ რიგში, უნდა ჩავიდეს ვიზიტებით ნატოს დედაქალაქებში და უმაღლეს დონეზე დააყენოს ეს საკითხი. მე გახარიას მსგავსი ოფიციალური ვიზიტი არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა და ამას კოვიდს ვერ დააბრალებენ”.
სამადაშვილის თქმით, ენმ-ის პოლიტიკის გარკვეულ შედეგებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოება ალიანსის შემდგომი სამიტისთვის უკვე იხილავს.
მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი მონაწილეობა იმ ფორმატებში, რომელსაც უკვე შეუერთდა. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს ნატოს ფორმატებს შავი ზღვის აკვატორიაში.
“ნატოს” მსგავსად, პარტიას გაყინულად მიაჩნია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. სალომე სამადაშვილი აღნიშავს, რომ საქართველო ვერ ითვისებს ევროგაერთიანებასთან არსებულ თანამშრომლობის ფორმატებს, რომელთა შორისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ასოცირების ხელშეკრულებას გამოყოფს; ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარი მხოლოდ მინიმალურად არის ათვისებული, ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები კი, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმა, შეუსრულებელია:

“ჩვენი ხედვით, პირველი, რაც უნდა მოვითხოვოთ, არის, რომ ევროკავშირთან შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ანუ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ.
გარდა ამისა, უნდა მოვამზადოთ პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსზე განაცხადს რომ გავაკეთებთ ევროკავშირში… უარით არ გვიპასუხონ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, რომ ასოცირების ვალდებულებები შესრულდეს და არავის ჰქონდეს საფუძველი, უარი გვითხრას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე”.
პარტია ამომრჩეველს სპეციალური სტრატეგიის შემუშავებას ჰპირდება, რომლის მეშვეობითაც, როგორც ამბობს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ყველა ეკონომიკური სიკეთის მოქალაქეებამდე მიტანას უზრუნველყოფს. ის, რომ DCFTA-ს პოტენციალს საქართველო ბოლომდე ვერ იყენებს, ევროკომისარმა სესილია მალსტრომმაც განაცხადა გასულ წელს. ენმ-ის ხედვით, პრობლემა კორუფცია და ამ ფონზე ინვესტიციების ნაკლებობდაა და სწორედ მისი აღმოფხვრისკენ მიმართულ რეფორმებში ხედავს პარტია ევროპის ბაზრის უკეთ ათვისების პერსპექტივას.
რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პარტია ვერ ხედავს კარასინი-აბაშიძის ფორმატის პერსპექტივას და მის გაუქმებას აპირებს. კითხვის პასუხად, თუ სად ხედავენ ალტირნატივას, სალომე სამადაშვილი ჟენევის ფორმატს ახსენებს, რომელიც, პარტიის ხედვით, გასაფართოებელია. როგორც პარტიაში ამბობენ, ფორმატის უპირატესობაა გარემოება, რომ საქართველო, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, “არ არის დარჩენილი პირისპირ რუსეთთან”.
სასამართლო
“ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას, რომელშიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა დასახეს, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მოსამართლეების არჩევითობასთან, საკადრო რეფორმასთან და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანასთან ერთად, პარტიების ინიციატივათა შორისაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება.
“ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს- მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ შეთანხმებაში.
- სასამართლოს საკითხზე ოპოზიციის შეთანხმების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ: როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს
რას უპირებს პარტია ამჟამინდელ საჯარო მოხელეებს
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ საკითხზე აქვს ცალსახა პოზიცია, რომელსაც, როგორც აცხადებს, პარტიაშიც იზიარებენ. კერძოდ, ის “ნეტგაზეთს” ეუბნება:
“მე, როგორც პოლიტიკოსი, პირობას ვდებ, რომ არცერთი საჯარო მოხელე არ იქნება დაჩაგრული. [გარდა] იმ უაზრო სიპებისა, რომლებშიც აქტივისტები დაასაქმეს… ღირსეულ საჯარო მოხელეს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, პირადად მე ვდებ პირობას, რომ ვერავინ შეეხება. ჩვენს პარტიაშიც, რასაკვირველია, იგივე მიდგომაა.
თუნდაც, პოლიციელები: ყველა ცუდი ხომ არ არის? არსებობენ ისეთები, ვინც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. მაგრამ ვიცნობ არაერთ ისეთ პოლიციელს, ვისაც აწუხებს ის, რაც ხდება”.
დეკანოიძეს კიდევ ერთ მაგალითად პროკურატურა მოჰყავს. მისი თქმით, არავინ შეეხება პროკურორებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა “საჯარო სამსახურს არც უნდა გაეკარონ” ადამიანები, რომლებიც “პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებენ, მაგალითად, მელაშვილი-ილიჩოვას საქმეში”.
საჯარო მოხელეებს ხელშეუხებლობის პირობა მისცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ აქტიურად არის ჩართული ენმ-ის საარჩევნო კამპანიაში. მან პარტიის დასკვნით, 29 ოქტომბრის აქციაზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც ხელშეუხებლობა აღუთქვა მოქმედ საჯარო მოხელეებსაც.
“თქვენ სხედხართ იმ შენობებში, რომლებიც ჩემი აშენებულია, თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომლებიც თავის დროზე დაგინიშნეს, მაგრამ არ გაგეზარდათ. მე თქვენს მხარეზე ვარ, თქვენ არავინ შეგეხებათ, თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო წინა წლებში. თქვენი გამოცდილება არის ოქროს ფასი. ჩვენ ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას” ,- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო მოხელეებს. მან ამავე მიმართვაში გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ არ გააყალბოს არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსალოდნელი “მკაცრ პასუხის” გაცემაზე გააფრთხილა.