“ნაციონალური მოძრაობა” იყენებს რუსულ რესურსს – კობახიძე ელდარ გოგოლაძესთან ინტერვიუზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას ინტერვიუ „ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ელდარ გოგოლაძესთან, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში 25 ოქტომბერს გავიდა, ტელეარხის მხრიდან “რუსული რესურსის” გამოყენებაა. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინდელ ინტერვიუს რაც შეეხება, არ მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამაზე. ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ს მაღალჩინოსანი. ანუ რუსულ რესურსს იყენებს ამ შემთხვევაში ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული საქართველოში რუსული საქმის კეთებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. მისი თქმით, ცნობილი ფაქტია, რომ ელდარ გოგოლაძე  უშიშროების სამსახურბში 1997 წლამდე მუშაობდა.

“თუ ამბობთ, რომ ის მკვლელია და კგბს აგენტი, რატომ აიყვანა ბიძინამ სამსახურში 1998 წელს და რატომ დანიშნა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე თავის გარშემო. ანუ თუ ასეა, მაშინ დასტურდება, რომ ბიძინა არის კგბს და რუსეთის ფსბს კაცი და გარშემოც შესაბამის კადრებს იკრებდა – კგბშნიკებს და მკვლელებს”, – აცხადებს გვარამია.

ბრიფინგზე ჟურნალისტებმა კობახიძეს ლაშა ნაცვილიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც დაუსვეს კითხვები, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არ იყო მუქარა და არსებობს “გარკვეული ეჭვები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩადენის კუთხით”.

“გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე, ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომელიც მოკლეს და იქ იკვეთება მისი [გოგოლაძის] სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკაშირებით ეჭვები და ამიტომ ეს არის ზოგადი განცხადება, დანარჩენი არის სასამართლოს საქმე. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით”, – განაცხადა კობახიძემ.

ლაშა ნაცვლიშვილმა გუშინ, “მთავარი არხის” ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ გოგოლაძეს გუანტანამო, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდათ.

გუშინ, 25 თებერვალს “მთავარი არხის” ეთერში გავიდა “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენთან, ელდარ გოგოლაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც გოგოლაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებზე. ინტერვიუში გოგოლაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონო ვაჭრობაში იყო ჩართული. ასევე, გოგოლაძის თქმით, ივანიშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვაც სურდა, თუმცა ამას რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა.