ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ მეხანძრე-მაშველები იმერეთიდან და თბილისიდან.

“ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი”, – წერს უწყება.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამსახურის თანახმად, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული.

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი 18 ოქტომბერს გაჩნდა. საგანგებო სიტაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ.