ახალი ამბებიკომენტარი

როგორ ავიცილოთ თრომბოემბოლია სახლის პირობებში – ინტერვიუ კარდიოლოგთან

25 ოქტომბერი, 2020 • 20577
როგორ ავიცილოთ თრომბოემბოლია სახლის პირობებში – ინტერვიუ კარდიოლოგთან

კორონავირუსის სახლში მართვის საკითხებზე “ნეტგაზეთი” ესაუბრა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, Worldwide Clinical Trials-ის აღმასრულებელი სამედიცინო დირექტორს და კარდიოვასკულური და მეტაბოლური დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელს, ეთერ ცეცხლაძეს.

  • ახლა, როცა ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს ბინაზე მკურნალობა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მოკლებული არიან ექიმის მიერ პირისპირ გასინჯვას, ანალიზებისა და ფილტვების მდგომარეობის კონტროლის შესაძლებლობას, ოჯახის ექიმთან ეფექტური დისტანციური კომუნიკაცია კი გართულებულია, როგორ უნდა მოიქცნე, რა სიმპტომებს მიაქციონ ყურადღება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად დამძიმების პრევენცია შეძლონ?

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მკვეთრად იმატებს პაციენტების ავადობა, ფიზიკურად არ არის იმის რესურსი, რომ ყველამ მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ექიმთან პირადი ვიზიტით და იმკურნალოს სტაციონარში. ეს არც არის საჭირო, რადგან ხშირ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით  მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკი და  ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაღალი დონე არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დაავადება აუცილებლად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით განვითარდება. კორონავირუსის სივერაგე იმაშიც გამოიხატება, რომ არ ვიცით, რომელი ორგანიზმი, ინდივიდი, როგორ უპასუხებს ვირუსის აგრესიას. ამიტომ სახლში დაავადების მენეჯმენტისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითკონტროლს.

არ არის საჭირო პანიკა, ზედმეტი ნერვიულობა იმაზე, რომ კოვიდი შეგხვდათ. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველა საპრევენციო ზომას იღებ, 100%-ით დაზღვეული არ ხარ ინფიცირებისგან. ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია იზოლაციას და სიმპტომების მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანია სიცხის ხშირი კონტროლი, ვინაიდან მაღალი სიცხე არის მაჩვენებელი, რომ დაავადება რთულდება და პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში. როდესაც სიცხე არის 38-ს ქვემოთ, ერთადერთი რეკომენდაციაა დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობა, რამდენადაც ეს სახლის პირობებში შესაძლებელია. დაბალი ფიზიკური აქტივობის ფონზე თრომბოზების რიცხვი მატულობს. ამიტომ, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, სისუსტისა, სიცხისა და სხვა სიმპტომებისა, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვემო კიდურების კუნთების მაღალი ფიზიკური აქტივობის დონე: ოთახში სიარული, ადგილზე სირბილი ან ძუნძული, ბუქნები ან ა.შ. ეს გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში.

თუკი ტემპერატურა ადის 38,5-ს ზემოთ, აუცილებელია სიცხის დამწევის მიღება და ამისთვის სჯობს ჩვეულებრივი აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), რომელიც ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი პრეპარატია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომების მონიტორინგი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ტკივილი გულის არეში, აჩქარებული მაჯისცემა, აჩქარებული სუნთქვა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს. თუკი პაციენტს აქვს დიარეა და ღებინება, საყურადღებოა, ამას არ ახლდეს ძლიერი საერთო სისუსტე, გამოფიტვა – ეს არის საშიში სიმპტომი და აუცილებელია, ექიმს მიმართოთ.

ზოგადად, სახლში თვითმკურნალობის გზით, ექიმის დანიშნულების გარეშე, შესაძლებელია მხოლოდ სიცხის დამწევი პრეპარატის – პარაცეტამოლის მიღება, თუკი პაციენტს არა აქვს პარაცეტამოლზე ალერგია და ეს არ უნდა მოხდეს ძალიან ხშირად. თუკი პაციენტი საჭიროებს დღის განმავლობაში პარაცეტამოლის ოთხჯერ მიღებას, ეს უკვე არის იმის ჩვენება, რომ პაციენტი გადასაყვანია სტაციონარში. 38,5-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, პაციენტმა სიცხის დამწევი არ უნდა მიიღოს.

საერთოდ, ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას ახასიათებს გარკვეული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც ასევე ახასიათებს კოვიდსაც. ის, რაც ჯდება ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის ფარგლებში, მაგალითად, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გულისცემის და სუნთქვის გახშირება, აუცილებლად საგანგაშო არ არის. მაგრამ როდესაც სახეზეა არაადეკვატური სისუსტე, ძალიან ძლიერი თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია გარემოში, კუნთების ძლიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გახშირება, გულისცემის არაადეკვატური გახშირება, გონების დაკარგვის ეპიზოდი, გულის არეში ტკივილი და ა.შ. პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას და ჰოსპიტალიზაციას. არის დაავადებები, რომლებიც თავისთავად ზრდის კოვიდის გართულების რისკს, მაგრამ ასეთი დაავადებების ჩამონათვალი ძალიან დიდია – პრაქტიკულად ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, დაწყებული ფილტვის დაავადებებიდან, გულის დაავადებები, განსაკუთრებით ჰიპერტენზია, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები, ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადება, ნებისმიერი აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტი იმუნოსუპრესიულ მკურნალობას გადის. ასეთი პაციენტები უფრო მჭიდრო მონიტორინგს საჭიროებენ. თუ პაციენტი თავისთავად არის იდენტიფიცირებული მაღალი რისკის მქონედ, ბინის პირობებში მისი მკურნალობა, ალბათ, ნაკლებად გამოვა და ან კოვიდსასტუმროში უნდა გავიდეს, სადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ან სტაციონარში.

დღესდღეობით კოვიდის პირდაპირი სამკურნალო წამალი არ არსებობს. ერთადერთი, ცალსახად დადასტურებულია, რომ კორტიკოსტეროიდების ჯგუფის მედიკამენტები – ანუ პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ა.შ. ჟანგბადდამოკიდებულ, მძიმე პაციენტებში ამცირებენ დაავადების სიმძიმეს და სიკვდილიანობას. ამის გამო ილუზია შეიქმნა, რომ კორტიკოსტეროიდების მიღება შეიძლებოდა პროფილაქტიკის მიზნით ან ბინაზე მყოფ კოვიდდადასტურებულ პაციენტებში. ეს არ არის სწორი – ამ პრეპარატებს აქვთ ჩვენება მხოლოდ მძიმე, ჟანგბადდამოკიდებულ სტაციონარულ პაციენტებში. მისი გამოყენება პროფილაქტიკისთვის ან მსუბუქ შემთხვევებში არათუ არ შეიძლება, საზიანოც შეიძლება იყოს, რადგან იმუნოსუპრესია ამ მდგომარეობაში და ის გვერდითი მოვლენები, რაც აღნიშნულ პრეპარატებს ახლავს თან – განსაკუთებით სისხლდენები და ა.შ.- შეიძლება ბევრად რთული სამართავი გახდეს ბინის პირობებში, ვიდრე თვითონ კოვიდინფექცია.

  • როგორც ახსენეთ, რეკომენდაციაა ბევრი სითხის მიღება, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისია გულის უკმარისობის შემთხვევები, არა? 

რა თქმა უნდა. ორი მდგომარეობაა ძირითადად, როდესაც სითხის მიღება არ არის რეკომენდებული: გულის შეგუბებითი უკმარისობა და ნებისმიერი შეშუპებითი მდგომარეობა. მაგალითად, ძალიან ხშირად, სითხის მიღებას ვზღუდავთ თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს. თავისთავად, კოვიდპაციენტები გულის და თირკმლის უკმარისობით სახლში არ უნდა იმართებოდნენ. ამიტომ, როდესაც რეკომენდაციას ვაძლევთ სახლში სითხის დიდი რაოდენობით მიღებაზე, ვგულისხმობთ იმ პაციენტებს, რომელთაც გულის უკმარისობა და, ზოგადად, შეშუპებითი მდგომარეობა არ აქვთ.

  • არის შემთხვევები, როდესაც პაციენტების მდგომარეობა არ არის შეფასებული როგორც კრიტიკული და ისინი ჰოსპიტალის ნაცვლად კოვიდსასტუმროში გადაჰყავთ, ან ტოვებენ ბინაზე. მაგალითად, გარდაიცვალა 55 წლის ქალი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ფილტვების ანთება ჰქონდა და კლინიკის ნაცვლად კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი. კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა, ასევე, 41 წლის ქალი, მსუბუქი სიმპტომებით, რომელსაც თრომბოემბოლია [ფილტვის არტერიის დახშობა თრომბული მასით, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ქვემო კიდურების ღრმა ვენებში ან მცირე მენჯში] განუვითარდა. რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს თრომბოემბოლია კოვიდპაციენტებში? შესაძლებელია თუ არა რისკის წინასწარ განჭვრეტა და რამდენად მიზანშეწონილია, თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღება?

საბედნიეროდ, თრომბოემბოლია არ არის ხშირი გართულება, მაგრამ ის ვითარდება კოვიდის დროს, რადგანაც სისხლის შედედების მაჩვენებელი მატულობს. თრომბოემბოლიური გართულება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ უკვე დამდგარი თრომბოემბოლიის დროს სამედიცინო ჩარევის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია – სიმპტომები წამებში ვითარდება და პაციენტს ვკარგავთ ხოლმე. სახლის პირობებში ანტიკოაგულაციური პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, იმის გარდა, რომ მათ აქვთ დადებითი შედეგი ჰიპეკოაგულაციის პრევენციის თვალსაზრისით, ასევე, აქვთ ძალიან ბევრი გართულება. ექიმის დანიშნულების გარეშე ასეთი პრეპარატების მიღება ნამდვილად არ შეიძლება.

თრომბოემბოლიის პრევენციისთვის ძალიან კარგია, რაც უკვე გითხარით – ფიზიკური აქტივობის მაქსიმალურად კარგი რეჟიმი იზოლაციის პირობებში. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია კოაგულაციის პარამეტრების განსაზღვრა კოვიდსასტუმროებში ან ბინის პირობებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ბინაზე პაციენტებისთვის ლაბორატორიული მაჩვენებლების მართვის მინიმალური პაკეტი შემუშავდება, მე არ მგონია, უახლოეს პერიოდში ბინაზე მყოფი ყველა პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლების განსაზღვრა და პლუს D-დიმერი [რასაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თრომბოზის დიაგნოსტიკაში] მოხერხდეს, ვინაიდან ეს არა მარტო მატერიალურად, არამედ ლოჯისტიკურად ძალიან დიდი რესურსს მოითხოვს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელიც მარტო ჩვენთან არა, მთელ მსოფლიოში ასე ხდება – პაციენტები, რომლებიც არიან იზოლაციაში, არიან თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ, მაგრამ არ უნდა გავიგოთ, რომ ამის რისკი ძალიან მაღალია. თუკი არ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, ადამიანს თავისით რაც შეუძლია გააკეთოს, არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობის კარგი რეჟიმი, რომ ქვემო კიდურებში არ მოხდეს სისხლის ნაკადის დაგროვება.

  • ბუნებრივ სისხლის გამათხელებლებად რაც მიიჩნევა — ლიმონი, ტყემალი — რეალურად რამდენად ეფექტურია? 

– სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად არასწორი და არასამედიცინო მიდგომაა საკითხისადმი –  არც C ვიტამინი, არც სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ლიმონი, ტყემალი და ა.შ. სისხლის გათხელებაზე არ მოქმედებს, ან იმ დონეზე არ მოქმედებს, რომ თერაპიული ეფექტი ჰქონდეს. ამიტომ ამას განსაკუთრებული აზრი არ აქვს. თრომბოემბოლიისგან აზღვევს ანტიკოაგულანტი, ანუ შედედების საწინააღმდეგო საშუალება და არა ანტიაგრეგანტი, როგორიცაა, მაგალითად, ასპირინი. ანტიკოაგულანტები არის როგორც საინექციო ფორმებში, ისე არასაინექციო. ახალი ჯგუფის ანტიკოაგულანტები აფთიაქებში იყიდება, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე სარგებელთან.

  • მაშასადამე, სახლის პირობებში, ექიმის გარეშე, რეკომენდებულია მხოლოდ ვარჯიში და სიცხის დამწევი პრეპარატის მიღება…

დიახ და კიდევ, არ ემყარება ძალიან ფართომასშტაბიან კვლევებს, მაგრამ სუსტი მტკიცებულება არსებობს, რომ D ვიტამინის კარგი შემცველობა სისხლში შეიძლება, ასოცირებული იყოს კოვიდინფექციის უფრო მსუბუქ მიმდინარეობასთან. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც D ვიტამინის დეფიციტი, როგორც წესი, არ აქვთ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ, რადგან D ვიტამინის ის დოზები, რომლებიც ჩვენთან იყიდება, არის საკმაოდ დაბალდოზიანი და როგორც წესი, მათი მიღება ჰიპერდევიტამინოზს არ იწვევს, პროფილაქტიკურად D ვიტამინის მიღება შეიძლება. მაგრამ ესეც სჯობს, ლაბორატორიული მონაცემით გამყარდეს – აქვს თუ არა ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი.

21-ე საუკუნეში, მიუხედავად საოცარი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა, კოვიდინფექციის საპროფილაქტიკოდ ყველაზე დიდი ინსტრუმენტი რაც გვაქვს, არის პირბადე, დისტანცია და ჰიგიენა. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდებმა განსაკუთრებით გააცნობიერონ პირბადის ტარების მნიშვნელობა ღია სივრცეშიც – საქართველოში ახლა უკვე მასობრივი გავრცელებაა და კოვიდინფექცია არის ყველგან. თვითონ ვაქცინაც კი ვერ დაგვიცავს მეტად. ზოგადად, რამდენიმე თვეში და ერთ წელიწადში ვაქცინა არ იქმნება – არ არსებობს ასეთი რამ მედიცინაში. ახლა ყველაფერი ხდება ფორსირებულად. საბედნიეროდ, ვაქცინის შექმნა არ ხდება უსაფრთხოების პარამეტრების დათმობის ხარჯზე, მაგრამ იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ვაქცინის ბაზარზე ჩაშვება მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ოდესმე მომხდარა ვაქცინების ისტორიაში. ჩვენ რეალურად ძალიან უნდა გაგვიმართლოს, რომ ის ვაქცინა, რომელიც, ალბათ, უკვე ხელმისაწვდომი იქნება იანვარ-თებერვალში, პირველ რიგში, იყოს უსაფრთხო, მეორე რიგში კი, გამოიწვიოს იმუნიზაცია. გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც კი, ჩვენ არ გვაქვს სრული იმუნიზაცია – დაახლოებით 70%-ში არის იმუნური პასუხი. ანუ ილუზია იმის, რომ ვაქცინა, როცა ის გამოვა, 100%-ით დაგვიცავს, არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი, რაც კვლავ რჩება, არის პირბადის ტარება, დისტანცირება და ჰიგიენის წესების დაცვა.

  • პირბადესთან დაკავშირებით, ადამიანების ნაწილს აქვს განცდა, რომ სუნთქვაში ხელს უშლის და ამის გამო უჭირს ტარება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია?

როგორც წესი, არის ფსიქოლოგიური მომენტი. არსებობს სუსტი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადის ტარება შეიძლება დაახლოებით 15-დან 20%-მდე ამცირებდეს შესუნთქული ჟანგბადის რაოდენობას, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზმზე ისე იმოქმედებს, რომ გამოიწვიოს უფრო დიდი რისკი, ვიდრე პირბადის გარეშე სიარულმა. ამიტომ მე ყველას ვურჩევ, განსაკუთრებით იმ პაციენტებს, ვისაც ფილტვის ან გულის დაავადება აქვს და ექიმებს ხშირად გვეუბნებიან, რომ პირბადეში იხუთებიან, – მიჩვევის ამბავია და აუცილებლად ატარონ პირბადე.

პირბადის სწორად შერჩევას რაც შეეხება, ძალიან ხშირად ადამიანებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ, როგორც რეკომენდებულია, 2 საათში ერთხელ გამოიცვალონ ქირურგიული პირბადე. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ტიპის ცხვირ-პირის დამცავი ნაჭერი, რომელიც შესუნთქული ჰაერის გაფილტვრას და ამოსუნთქული ჰაერის შეკავებას ახდენს. ამის ტესტი ძალიან მარტივია – პირთან უნდა მიიტანოთ ხელი და ამოისუნთქოთ. თუკი ხელზე გრძნობთ ჰაერის ნაკადს, ეს ნიშნავს, რომ პირბადე არ მუშაობს. ნებისმიერი პირბადე, რომელიც აჩერებს და ამოსუნთქვის დროს ხელზე ჰაერის ნაკადის შეგრძნება არის შეუძლებელი, ეფექტურია. ეს შეიძლება იყოს დოლბანდი ან ნაჭრის პირბადე, მთავარია, იწვევდეს ამოსუნთქული ჰაერის შეკავებას და, შესაბამისად, შესუნთქული ჰაერის გაფილტვრას.

___

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

მასალების გადაბეჭდვის წესი