ზეწოლა სკოლის დირექტორებზე, მაღაროელებსა და მედიაზე – ISFED- ის წინასაარჩევნო ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) დღეს, 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

დოკუმენტი მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი.

საანგარიშო პერიოდში ISFED-მა გამოავლინა:

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები.

“აღსანიშნავია 21 ოქტომბერს „ტვ პირველის“ მფლობელის მიერ გავრელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მის მამას უცნობი პირები საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. დამატებით, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს, თუ როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, რიგ რეგიონებში ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა უარი თქვეს პარტიებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ ან/და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

“რეგიონებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სააგიტაციო შეხვედრებს ხშირად „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებიან და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ISFED-ის თანახმად, გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია.

“ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში”.

ასევე, მათივე შეფასებით, “მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ”.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებს აქვთ შეთავსებული.  ISFED-ის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით,  ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია.

“ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინაღმდეგო ლოზუნგით, რომ „მოღალატეები არიან”. „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მათი საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 29 სექტემბერს დედოფლისწყაროში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ანგარიშში მოხვდა 29 სექტემბერს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან  მომხდარი დაპირსპირება, რომლის დროსაც დაშავდნენ პოლიტიკური ძალების აქტივისტები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურაც. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ინციდენტი.

ISFED ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

ასევე, ISFED რეკომენდაციებს ავრცელებს პოლიტიკური პარტიებისთვისაც: