ახალი ამბები

მიკროავტობუსის 24 მძღოლს პირბადის არქონის გამო მუშაობა 2 დღით აეკრძალა – კალაძე

21 ოქტომბერი, 2020 • 860
მიკროავტობუსის 24 მძღოლს პირბადის არქონის გამო მუშაობა 2 დღით აეკრძალა – კალაძე

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების 24 მძღოლს სანქცია დაუწესდა, რადგან მათ პირბადის გარეშე გადაჰყავდათ მგზავრები. როგორც დღეს, 21 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში სანქცია ორი დღით მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. როგორც წესი, მძღოლების შემოსავალი სწორედ მათ ყოველდღიურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

თბილისის მერის ინფორმაციით, მოქალაქეებიც ცდილობდნენ მიკროატობუსებში პირბადის გარეშე ასვლას და ასეთი 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

“კატეგორიულად მიუღებელია, მიკროავტობუსის მძღოლები პირბადეების გარეშე იყვნენ და ამას როგორც კომპანიის [თბილისის სატრანსპორტო კომპანია], ასევე ჩვენი სამსახურების მხრიდანაც მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამ მძღოლების მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. შედეგად, ორი დღის განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ.

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ, ყოველდღიურად ემსახურებიან უამრავ ადამიანს.. ასევე გამოვლინდა 224 მოქალაქე, რომელიც მიკროავტობუსით პირბადის გარეშე მგზავრობას ცდილობდა, თუმცა ამას რეაგირება მაშინვე მოჰყვა და ისინი მიკროავტობუსში არ აუშვეს”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, მერიის სამსახურებმა, ჯამში, ასევე გამოავლინეს 2 088 ადამიანი, რომელიც ავტობუსში ცდილობდა პირბადის გარეშე ასვლას.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 445 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

1351 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი – 21 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი