NGO-ების მოწოდება მთავრობისადმი არჩევნებთან დაკავშირებით

12 არასამთავრობო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს და კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას – სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

ნეტგაზეთი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში უკიდურესად გართულებულ  ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში „კოვიდ-19”-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით.

ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. ამ პირობებში საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დღევანდელი მდგომარებით მოცემულობა შემდეგია:

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს „კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ამ მიზნით აუცილებელია:

  1. გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული  ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;

  2. შემუშავდეს „კოვიდ ინფექციის” მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით;

  3. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს „კოვიდ ინფიცირებულთა” ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.

დაბოლოს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა.

შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – TI Georgia

  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI

  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED

  4. ღია საზოგადოების ფონდი – OSGF

  5. საფარი

  6. საზოგადოება და ბანკები

  7. მედიის განვითარების ფონდი -MDF

  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი – HRIDC

  9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI

  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია

  12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC