როგორი იქნება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შემდეგი 4 წელი – 5 პარტიის ხედვა

რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ, ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ მათ პოლიტიკური კრიზისი არ ექნებათ.

რელიგიის თანასწორობის საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალურ მოძრაობა“ კი, რომლის მმართველობის დროსაც განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესია თუ ცალკეული მაღალი იერარქი, აცხადებს, რომ „საპატრიარქო არასდროს დამდგარა სააკაშვილის გვერდით“.

ვის რა ხედვა აქვს რელიგიის თანასწორობაზე? – „ბათუმელები“ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა „პატრიოტთა ალიანსის“, „ლელოს“, ნაციონალური მოძრაობის“,„ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან.

„ქართული ოცნება“ არ საუბრობს

მმართველ პარტიას სეკულარული სახელმწიფოს მოდელის გაძლიერებაზე არაფერი უწერია თავის საარჩევნო პროგრამაში.

პარტიის ხედვების გასაგებად „ბათუმელები“ ამ პარტიაში რამდენიმე გავლენიან პირს დაუკავშირდა. მათ საუბარი არ ისურვეს. შესაბამისად, უცნობია, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რა საფეხურზე აინაცვლებს ამ პარტიის ურთიერთობა გავლენიან რელიგიურ ჯგუფთან და რას უქადის მათი პოლიტიკა უმცირესობებს.

„პატრიოტთა ალიანსი“: დედაეკლესიის დაცვა ჩვენი ვალია

„პატრიოტთა ალიანსიდან“ კითხვებს საპარლამენტო სიის მე-3 ნომერმა გოჩა თედორაძემ უპასუხა.

ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება უნდა ხდებოდეს პროპორციულად, თავშივე გამოვრიცხავ ამით თქვენს ნათქვამს. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები საქართველოში არის უმრავლესობა, ხომ? თავისთავად საპატრიარქოს დაფინანსება იქნება მეტი, ვიდრე სხვა კონფესიების. რა არის ამაში გასაკვირი? და თუ ვამბობთ, რომ უნდა დავიცვათ ეკლესია, ამაში რას ხედავთ? როცა თავდასხმა ხდება ეკლესიაზე ბევრი მიმართულებით, გამოვედით ინიციატივით, დაიცავით ეკლესია. ასეთივე ინიციატივით გამოდის „ობიექტივი“.

ჩვენ არასდროს წინააღმდეგი არ გამოვსულვართ მეჩეთის მშენებლობის, ჩვენ გამოვედით წინააღმდეგი მხოლოდ აზიზიეს მეჩეთის, ვისგანაც შენდებოდა და ვისი ფულით შენდებოდა… საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე არის მუსლიმთა და ქართველთა ძმობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუსლიმთა და ქართველთა ძმობაზე ჩვენ ვსაუბრობთ ყოველდღე და ამის დანახვა ალბათ არ გინდათ, ეს თქვენ ვერ შეამჩნიეთ. ამიტომ, აზრს მოკლებულია ახლა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ დავინახეთ, რომ დედა ეკლესია იყო დასაცავი და დავიცავით, არ ვართ ზოგადად მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი. არავითარი დისკრიმინაციისკენ ჩვენ არ მოგვიწოდებია არასდროს. არც ამის მომხრე ვართ, ყველაფერში სამართლიანობის პრინციპიდან გამოვდივართ. თუ გამოვედით და ვთქვით, რომ დაიცავი დედაეკლესია, ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალი იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობაც უნდა შევინარჩუნოთ, რწმენაც და მამულიც.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენა, თქვენ უკვე ტენდენციურობისკენ მიდიხართ და ეს არაა მოსაწონი… გადახედეთ ჩვენს პარტიულ სიას, სიის მე-9 ნომერი ებრაელია, მე-14 ნომერი სომეხია, 22-ე ნომერი აზერბაიჯანელია და თქვენ ახლა კითხვას მისვამთ, რატომ არ განიხილავთო.

იცით, დავალებას თუ გაძლევენ, სხვაგვარად შეასრულეთ, დავამთავრე მე… ერთი პარტიული სია მაჩვენეთ, რომელიც ასეთი იქნება, როგორიც ჩვენია, აზერბაიჯანელი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ არ არის? დავამთავრე მე, კარგად ბრძანდებოდეთ.

„ლელო“: ჩვენ არ გვექნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ დაგვჭირდება სასულიერო პირების ჩარევა 

კითხვებს „ლელოს“ საპარლამენტო სიის მე-19 ნომერი, სოფო შამანიდი პასუხობს

ჩვენ გამოვიტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი განსახილველად და, პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ განვიხილოთ ეს ყველა რელიგიურ ჯგუფთან, რამდენად კარგი და ეფექტური იქნება. თქვენ იცით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური კონფესია გამოიყო, რომელთაც უნაზღაურებენ საბჭოთა მმართველობის დროს მიყენებულ ზიანს, თუმცა ბევრად მეტია იმ კონფესიების რაოდენობა, რომელთაც ასევე მიადგათ ზარალი და ამიტომ დისკრიმინაციულია ასეთი გამოყოფა.

ეს მოდელი იქნება სამართლიანი, რადგან თუკი მე ვარ მუსლიმი, ჩემი გადასახადიდან უნდა შემეძლოს იმ რელიგიური გაერთიანების დაფინანსება, ვის მრევლადაც ვთვლი თავს. ამ პრინციპით მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლოა ბევრად მეტი შეხვდეს, რადგან ოფიციალურად 84 პროცენტია მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეკლესიის და საპატრიარქოს ავტორიტეტიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოისურვებს ნებაყოფლობით, საკუთარი გადასახადით გადაუხადოს ეკლესიას ფული. ამდენი წელია სულ ისმის, რომ აი, ეკლესიას ვაძლევთ 25 მილიონს, ყოველთვის ხდება ეს განსჯის და ეკლესიის ქილიკის საგანი, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის ზიანი, რაც მიადგა ეკლესიას საბჭოთა რეჟიმის პირობებში, მე არ ვიცი, ჩვენ შევძლებთ თუ არა საერთოდ ამ მორალური და მატერიალური ზიანის აღდგენას. ეს ზიანი არავის დაუთვლია და, სავარაუდოდ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ის, რასაც ეკლესიას უხდის დღეს სახელმწიფო. ამგვარ პრინციპზე გადასვლა, როდესაც ადამიანები ნებაყოფლობით დააფინანსებენ თავიანთ რელიგიას, დაასრულებს ამ კამათს.

ჩვენ არ გვექნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ დაგვჭირდება სასულიერო პირების ჩარევა და ამით კონკორდატის დარღვევა, რადგან კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში და პირიქით. ტყეებს რაც შეეხება, ჩვენს პროგრამაში წერია, რომ ბუნებრივი სიმდიდრე რაც გვაქვს, უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს და უნდა გადავიდეს ხალხის მმართველობაში. რაც შეეხება ტყეებს, მაშინ, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, იყო მსჯელობა, რომ ტყე ნადგურდება და ეს იყო ერთგვარი ტყის დაცვის საშუალება, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი არ არის, რადგან სახელმწიფოს აქვს რეგულაცია ტყეების დაცვასთან დაკავშირებით და ეს რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. არ უნდა ცდილობდე, სხვისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემას იმიტომ, რომ შენ თვითონ ვერ იცავ. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუკი მეჩეთს ან სხვა რელიგიურ დაწესებულებას ჰქონდა გარშემორტყმული ტყე, გადაეცეთ მართვაში.  ეს გადაცემა ახსნილი იყო იმით, რომ ტყეს უკეთ მოუვლის ეკლესია, ვიდრე სახელმწიფო, ეს არასწორია, რადგან სახელმწიფომ უნდა შეძლოს მის განკარგულებაში არსებული რესურსების მოვლა… რატომ აკისრებ შენ ამხელა პასუხისმგებლობას ეკლესიას? ის ისედაც ბევრი საქმითაა დაკავებული, რომ უნდა მწყემსოს თავისი მრევლი, ათასი საგანმანათლებლო პროექტი აქვს, ღვთისმსახურებაში არიან და არასწორია, რომ ზედმეტად დაავალო და გადასცე ტყე, რომ მოუაროს, თუმცა მე ვერაფერს საწინააღმდეგოს ამაში ვერ ვხედავ.

ეს გამორიცხულია, ასეთი საჭიროება „ლელოს“ არ დაუდგება, ჩვენ მაშინ კომენტარი გავაკეთეთ ამ კონკრეტულ ფაქტზე და ვერ დავინახეთ ამაში კატასტროფა, თორემ პოლიტიკურ პარტნიორად „ლელო“ საპატრიარქოს არ განიხილავს. „ლელო“ საპატრიარქოს განიხილავს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან აქტორს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

ეს ინტერვიუ იყო დაახლოებით ერთი წლის წინ და ვფიქრობ, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მამუკა ხაზარაძე იყო ბათუმში და შეხვდა მუსლიმ მრევლს, მათ შორის იმ შენობაში, სადაც ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს. მან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რა დღეშია ჩვენი ძეგლები საზღვარგარეთ. მოდით, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, აგერ, გელათს რას უშვრება ხელისუფლება, ყველამ ვნახეთ. ასე რომ, სხვა ქვეყნებში რა ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ მემკვიდრეობას უდნა მივხედოთ.

აბსოლუტურად ყველა კვლევა, შიდა თუ საერთაშორისო, ამბობს, რომ ეს სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან რელიგიის სააგენტოს აქვს მხოლოდ მავნებლური მიდგომები, არაფერს ეს სააგენტო არ აკეთებს იმისთვის, რომ რელიგიური კუთხით თანასწორობა იქნას მიღწეული. ეს სააგენტო რელიგიურ უმცირესობებს უყურებს უსაფრთხოების ჭრილში და არა თანასწორობის ჭრილში. ის შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების შიგნით საქმიანობაში ჩაერიოს და მთავრობის ინტერესები გაატაროს.

ენმ: შავი ჯიპები გვახსოვს… საპატრიარქო არასდროს მდგარა სააკაშვილის გვერდით

კითხვებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპარლამენტო სიის 37-ე ნომერი, მირდატ ქამადაძე პასუხობს

იმ წლებში პარტიაში მე არ ვაქტიურობდი, მე 2014 წლიდან ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არ ვიცი, რა პოლიტიკა წყდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად თქვა, თუ რას ეხება ეს ბოდიში და ძირითადად ეს ეხებოდა იმას, რომ მართლმსაჯულება არ იყო ქვეყანაში რეალურად თავისუფალი. ნებისმიერი პრობლემის საფუძველი, ჩემი აზრით, არის მართლმსაჯულება, როდესაც ქვეყანას ექნება თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ ის პრობლემები, რასაც ედავებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოხსნილი იქნებოდა. ასე კონკრეტულად არ ვიცი, სააკაშვილი ამ ბოდიშის უკან გულისხმობდა თუ არა რელიგიას და ჯიპების დარიგებას.

ჩემი პირადი შეხედულება არის ის, რომ საბოლოო ჯამში, როცა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დათმო ეს ხელისუფლება და მოვიდა ივანიშვილი, მთელი საპატრიარქო იდგა ივანიშვილის მხარეს. მახსოვს ჯიპების ჩამორიგებაც, მაგრამ მე არსად დამინახავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამით რამე დივიდენდი მიიღო, რადგან ყველა არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილის გვერდით არ იდგნენ გავლენიანი სასულიერო პირები… არ ვიცი, რა იყო შავი ჯიპების ჩამორიგების მიზანი, ძალიან წვრილმანებში ჩავდივართ. გადამწყვეტ მომენტში, როცა პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა სააკაშვილს, მის გვერდით არ მდგარა სამღვდელოება. ფაქტობრივად, საპატრიარქოს მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი.

მე რაც მახსენდება, ერთადერთი იყო ფოთის ეპისკოპოსი. მე ვამბობ, რომ საპატრიარქო არასდროს მდგარა სააკაშვილის გვერდით და რომელიმე ერთი თუ ორი მღვდელმთავარი თუ, როგორც პიროვნება, თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, არ ვიცი. ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, რას იძახდა მეუფე იაკობი, ნაციონალები ვიწრო გზაში არ შემხვდნენო. რეალურად, ძალა რასაც ჰქვია, გავლენიანი ძალა საპატრიარქოში, ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგი, ასე ჩანდა საჯაროდ.

მარტო კანონის მიღება არაა საკმარისი, ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კანონი ბევრია, მაგრამ თუ ის არ მოქმედებს, რა კანონია? ჩვენ აღსრულების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და ჩვენი განცხადებები არ უნდა იყოს მიმართული რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მიმართ. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ ქვეყანაში რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არსებობს და არავის უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ როცა ბიუჯეტიდან ამდენ თანხას ვიხდით და საეკლესიო ბიზნესი გაუმჭვირვალეა, როდესაც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას, მათ შორის, ასეთ ძლევამოსილ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც ნამდვილად აქვს საქართველოს წინაშე დამსახურება ისტორიულად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ, სეკულარულ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ სხვა რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით… ჩვენ განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში გვყავს ერთი რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ისტორიის წინაშე დამსახურება არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ნიშნით სხვა ადამიანები დავჩაგროთ, მათი დისკრიმინაცია მოვახდინოთ. გვქონდა ჩვენ ფაქტი, როდესაც ქობულეთში ღორის თავი მიაჭედეს პანსიონს, ჭელაში მეჩეთს მინარეთი მოხსნეს, ბევრი ცუდი ნაბიჯი იყო და ხელისუფლების რეაგირება არ იყო ადეკვატური.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა უნდა ხმარდებოდეს ძირითადად ისეთ საკითხებს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩემს სულიერ, შინაგან რელიგიურ სამყაროს, ამაში თუ მე თანხის გადახდა მინდა, პირადად უნდა შევწირო, ეს გადასახადის და იძულების დონეზე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს არცერთი რელიგიური ორგანიზაცია.

არ არის რამე კონკრეტული გადაწყევტილება მიღებული, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, პარტიაში იქნება ამაზე მსჯელობა.

 

საჯაროდ არის გაცხადებული ჩვენი პოზიცია, რომ მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ადამიანების ჩაგვრა არის მიუღებელი… არ ვიცი ზუსტად, როდესაც პროგრამა მუშავდებოდა, ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავეს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მიმართულებით, უფრო სხვა საკითხები იქნა პრიორიტეტად მიჩნეული ამ ეტაპზე.

ევროპული საქართველო: რელიგიური ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს იმან, ვისაც ამის სურვილი აქვს

კითხვებს „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო სიის მე-5 ნომერი, ტარიელ ნაკაიძე პასუხობს

ზოგადად, წინა ხელისუფლებას ეს პრობლემა ჰქონდა და იყო ეკლესიის გამოყენებაც. სეკულარიზმის პრინციპის დარღვევა ჩანდა საჩუქრებით, დამოკიდებულებებით, რაც ზოგადად ჰქონდა იმ ხელისუფლებას. „ევროპული საქართველო“ სეკულარიზმის ქომაგია და ჩემი ამ გუნდში შესვლაც ამან განაპირობა. ჩემი მთავარი მოტივაცია ეს იყო. მე რისთვისაც ვიბრძვი ბოლო წლებია, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად სეკულარული, სახელმწიფო თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, რელიგია – თავისას, არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო რელიგიის საქმეებში. წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო ჩარევები, განსაკუთრებით, მუსლიმთა თემის მიმართ, მუსლიმთა სამმართველო დააარსა მაშინ სუს-მა და ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მაშინდელ ხელისუფლებას.

რა თქმა უნდა, ღიად არის საუბარი შეცდომებზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იქნა დაშვებული. ეს გუნდი პასუხისმგებლობას იღებს იმ შეცდომებზე, რაც იმ პერიოდში იქნა დაშვებული და სიკეთეებზეც, რაც მაშინ გაკეთდა.

მეც ამ გუნდში ვარ და ვეცდები მაქსიმალურად არ დავუშვათ ის, რაც მაშინ მოხდა. მეორე: არაფერი არ არის გამორიცხული საერთოდ, თუმცა დამოკიდებულება და გეგმა, თავიდანვე მიდგომა ამ საკითხების მიმართ არის ამ პარტიაში პრინციპულად სწორი. იმ ცდუნებას, რაც ახლავს ხელისუფლებაში ყოფნას, გარკვეულწილად გამორიცხავს კოალიციური ხელისუფლება, სადაც უფრო ნაკლებად შესაძლებელია მსგავსი ცდუნებები, როცა კონკრეტულ ლიდერზე არაა დამოკიდებული ხელისუფლება.

მიგვაჩნია, რომ რელიგიური ორგანიზაციები უნდა იყვნენ თავისუფალი და მოქცეული მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენი პოზიციაა, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მოხდეს პროპორციულად, ანუ დააფინანსოს იმან, ვისაც ამის სურვილი აქვს. ეს მისაღებია თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. ჩვენ არ ვემხრობით დოტაციურ დაფინანსებას, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მე შესაძლოა საერთოდ არ მინდოდეს რომელიმე რელიგიის დაფინანსება და ჩემი გადასახადი უნდა იყოს მიმართული ბავშვთა განვითარებისთვის, ან განათლებისთვის. ამის თავისუფლება უნდა ჰქონდეს ადამიანს, სახელმწიფო არ უდნა ფლანგავდეს ფულს რაღაც ორგანიზაციების განვითარებისთვის.

რაც შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობას, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და ეს არ უნდა ისაზღვრებოდეს დომინანტური რელიგიის, ან დომინანტი ორგანიზაციების შეხედულებების შესაბამისად. ვფიქრობ, კანონმდებლობის კუთხით ბევრი ცვლილება არ არის საჭირო, მთავარი არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. კანონი უზრუნველყოფს ბევრ სიკეთეს, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არის.

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება და ქმედება ცნობილია, „ლელომ“ პირველსავე გამოსვლაზე შესაბამისი განცხადებები გააკეთა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე… ვფიქრობ, „ევროპულმა საქართველომ“ ამ კუთხით გარდამტეხი ნაბიჯი გადადგა ჩემი ამ გუნდში მიღებით, რადგან მე ვარ მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი და ამან შესაძლოა გამოიწვიოს დომინანტი რელიგიის რისხვა. ეს სერიოზული ნაბიჯი და განაცხადია, ეს არის ასევე გარდატეხა სტერეოტიპების. „ევროპულმა საქართველომ“ ეს ნაბიჯი ღიად გადადგა.

____

ილუსტრაცია მარიამ მუთიძის