კუბილიუსი: მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებით “ოცნებას” პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს

ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებასთან დაკავშირებით “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ  2007 წლის სადავო მოვლენებზე ორი საჯარო მოხელის ახლა დაკავებით “ქართული ოცნება” ცდილობს პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულოს და რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს:

“ქართულმა უწყებებმა დააკავეს ორი საჯარო მოხელე “აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონო გადაცემის” ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად – სუსტი პასუხი პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა”, – ამბობს კუბილიუსი, რომელიც ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის წევრია.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.