ახალი ამბები

მდინარაძე “სახელმწიფო ღალატის” მუხლის გაუქმებას სასაზღვრო შეთანხმებებს უკავშირებს

12 ოქტომბერი, 2020 •
მდინარაძე “სახელმწიფო ღალატის” მუხლის გაუქმებას სასაზღვრო შეთანხმებებს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

მდინარაძეს არ სჯერა, რომ “ეს იყო შემთხვევითობა და დამთხვევა”.

“კომისიის შეთანხმებების ეს ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში მიდის საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში. გარკვეული სექტორები იმ პერიოდისთვის იყო შეთანხმებული. რამდენიმე სექტორი შეთანხმდა, ოღონდ საექსპერტო დონეზე და არ არის რამე შეთანხმება სახელმწიფოთა შორის, როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ხოლმე. შეთანხმებები არის მხოლოდ კომისიის დონეზე და საექსპერტო დონეზე კომისიაში. ერთ-ერთი მორიგი შეთანხმებიდან, როდესაც 300 ჰა-ზე მეტი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის მარტში თუ აპრილში, პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. დავარქვათ თუნდაც დამთხვევა, თუ ვინმე ამას დაიჯერებს, რომ დამთხვევაა.

ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს სისხლის სამართლის რეფორმის პირველი ტალღა მორჩა და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფო ღალატი ერქვა – შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე , საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ, ან მეორე ვერსია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ტვირთი მოეშორებინათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, არსებობს ორი ვარიანტი – ან სახელმწიფოს ხელმძღვანელები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, ან პირიქით.

“ჩემი სუბიექტური აზრი  და ეჭვია, რომ ქვევიდან ზევით, მაშინ, გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, რასაც ექსპერტი ურჩევდა, მაგალითდ, მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა. მე უფრო მგონია, რომ ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილებები, თუმცა ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ეჭვი გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი არის გამოძიების გადასაწყვეტი”, – განაცხადა მდინარაძემ.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი