საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით ვეღარ შევლენ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები. ინფორმაციას საქართველოს საელჩო გერმანიაში ავრცელებს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

“სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა), ასევე, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების, ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1.         არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;

2.         გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში, გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3.         პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია პირველ, მეორე და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო გზით.

ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო  გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.


გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 7 ოქტომბრიდან საქართველო კოვიდ ინფექციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, შესაბამისად, პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, გერმანიაში მოსახვედრად აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სავალდებულო ტესტირება. გერმანიაში მოხვედრის მსურველები შესაძლებელია, დაექვემდებარონ თვითიზოლაციის პირობებსაც, რაც გერმანიაში ადგილობრივ დონეზე, მიწების (Land) გადაწყვეტილებით რეგულირდება.

გაიგეთ მეტი:

საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?