სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ეკლესიას დაარტყა

“აზერბაიჯანმა ყარაბაღში “შუშის” სიმბოლოს – ყაზანჩეცოცის ეკლესიას დაარტყა, რომელიც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღადგინეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ვიდეო და ფოტომასალით სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“რაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიას ესვრიან?!”,- დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ეკლესიაზე შეტევის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია აზერბაიჯანულ მხარეს.

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.