ახალი ამბები

პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

7 ოქტომბერი, 2020 • 945
პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

დღეს საქართველოს პროკურატურასთან გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების,, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია.

აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს კომისიის ყოფილი წევრების დაკავება და ფაქტს ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს.

“ვაპროტესტებთ იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რომელთაც სჩადის ქართული ოცნება, იმისავთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ბატონი ივერი, 70 წლის კაცი გამოკეტეს საპყრობილეში, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ვიღაცას მოსცხონ ჩირქი და პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის”, – ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი.

კომისიის წევრების დაკავებას რუსული ინტერესების გატარებას უწოდებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია.

“მე მინდა მათ [დაკავებულების] ოჯახებს ვუთხრა, რომ გამორიცხულია, რომ ისინი ვინმემ დაივიწყოს, მიატოვოს. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ყოველთვის აკეთებს ქართული ოცნება. არ შევალ იმ კამათში, თუ რას ემსახურება ეს, თუმცა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე, ეს არის რუსული ინტერესის გატარება, მათ შორის ირმა ინაშვილის მხრიდანაც, იგი ცდილობდა გაეღვივებინა პრობლემა, თითქოს საქართველომ მიწები გაასხვისა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.”

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კომისიის ყოფილი წევრების დაკავება არის ხელისუფლების მცდელობა, რომ მოახდინოს ოპიზიციის დისკრედიტაცია.

“მათ მოიგონეს ყალბი ბრალდება, თითქოს საქართველოს მიწები გასხვისდა. აქ არის ორი გარემოება. პირველი, ამ სიყალბის შექმნაში მათ დახმარება აღმოუჩინეს რუსეთიდან. როგორც ვიცი, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა გამოაგზავნა რაღაც რუკა, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ოპიზიციაშია, გაასხვისა ქართული მიწები. რუსეთიდან რუკის გამოგზავნა, რა თქმა უნდა, იწვევს ეჭვებს და აშკარად მიანიშნებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის პრორუსული. მეორე, ივანიშვილი თავისი პოლიტიკური ზრახვებისათვის წირავს უდანაშაულო ადამიანებს სამშობლოს ღალატის ბრალდებით, თუმცა ამ ტყუილს საზოგადოება სწორად შეაფასებს.”

შავგულიძის განცხადებით, სასამართლოს რწმენა არ აქვს და არ მოელის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ პროკურატურა მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელია.

“აღნიშნული პირების დაკავება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი [პროკურატურა] გაღიზიანდნენ, რომ ისინი მედიასაშუალებებს აძლევდნენ კომენტარს და მათი განცხადებებიდან არ დასტურდებოდა ოცნების ნარატივი, რომ მიწები არის გასხვისებული და, შესაბამისად, გადაწყვიტეს მათი დაკავება. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები, ხოლო რეგიონში საომარი მოქმედებები, ეს დაკავება მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას სურს ძალიან მგრძნობიარე თემა გამოიყენოს სათავისოდ და ხაზი გაუსვას, თუ რა ცუდი იყო წინა ხელისუფლება და ამით მოიპოვოს გარკვეული მხარდაჭერა. ეს არაფრით არ უწყობს ხელს აზერბაიჯანთან შეთანხმებას.”

სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაზე საუბრობს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და წარსულში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

“ქვეყანაში სახეზეა არა  მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცება, არამედ პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის სახელმწიფო ინტერესებით მანიპულაცია. ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციის – საგარეო საქმეთა სამინისტროს დანგრევა და პარტიული ინტერესებზე მორგების მცდელობა. ასევე ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან [აზერბაიჯანთან] ურთიერთობის გაფუჭება. თუ ამას ერთიანობაში შევაფასებთ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიამრთული საბოტაჟი”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ქუთელია ასევე აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პროკურატურა და სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოზე დაკავებულების გამამართლებელი განაჩენი დადგება.

აქციას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ლევან სანიკიძის განცხადებით, დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები.

“ისინი არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი არ ემსახურებოდნენ რომელიმე ხელისუფლებას, ისინი იყვნენ ამ ქვეყნის მთავარი კარტოგრაფები. ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დასდეს ბრალი და მარტივია, რომ მათზე ხდება პოლიტიკური ზეწოლა, რომ ადრე თუ გვიან, მათ მისცენ ჩვენება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის – მიხელი სააკაშვილის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ ვნახეთ ბატონი ივერის განცხადება, რომ ის ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს, ამიტომ მისი პოზიცია არის ნამდვილად ღირსეული”, – აცხადებს სანიკიძე

გენერალურ პროკურატურაში 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, პროკურატურის განცხადებით, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებაში”.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და “არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”.

მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების საკითხს დღეს “ქართული ოცნების” წევრებიც გამოეხმაურნენ. პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული საქმე მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

“ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად, ვიმეორებ – ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი