ახალი ამბები

ტესტირების ნაცვლად 14-დღიანი იზოლაცია – დაავადებულთა ახლო კონტაქტებისთვის პროტოკოლი იცვლება

2 ოქტომბერი, 2020 • 3716
ტესტირების ნაცვლად 14-დღიანი იზოლაცია – დაავადებულთა ახლო კონტაქტებისთვის პროტოკოლი იცვლება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობა ახალ პროტოკოლზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, COVID დადასტურებულის ახლო კონტაქტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე უმოკლეს დროში იზოლაციაში გადავლენ.

გამყრელიძის თქმით, საუბარია ინფიცირებულის ახლო კონტაქტში მყოფ პირებზე, რომლებსაც ამ დრომდე ტესტირება უტარდებოდათ, თუმცა, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ეს დიდ შედეგს არ იძლეოდა, ვინაიდან დაავადება შესაძლოა კონტაქტის პირველ-მეორე დღეს არ გამოვლენილიყო:

“ახლო კონტაქტებს სწრაფად უტარდებოდათ ტესტირება, მაგრამ მეორე-მესამე დღეს დიდ შედეგს არ იძლევა, დაავადება შეიძლება გამოჩნდეს მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს.  საკოორდინაციო საბჭოზე გამახვილდა ყურადღება, რომ ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რაც იქნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწრაფ იზოლაციას, თუ, რა თქმა უნდა, მას აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს, კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში ყოველგვარი კვლევის გარეშე. მე მხედველობაში მაქვს კონტაქტირებული ადამიანი, თუ მას სიმპტომები უჩნდება, გამოიძახებს 112-ს, მოვლენ და გაუკეთებენ კვლევას და სხვა პროტოკოლით განაგრძნობს მკურნალობას”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

2 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 7 093 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid-19-ით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 3 310 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც კოვიდ სასტუმროებში 1100 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები კი -კლინიკებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი