კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.  ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს,  „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი ერთი წლის განმავლობაში “კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის” გამო დაინიშნა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის “მიერ კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება”.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. მათი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, 6 სანქციის მიუხედავად “, კომპანიამ კანონი არ აღასრულა”.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა.

“[მარიამ სულაბერიძეს] სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14- წლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია. ასევე, ის სატელეკომუნიკაციო სფეროში კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას. მარიამ სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა”, — აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების კომისია იმ უფლებამოსილებებსაც განმარტავს, რითაც სპეციალური მმართველი ისარგებლებს:

„კავკასუს ონლაინი“ უკვე ერთი წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს, რითაც უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, ასევე, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, კერძოდ, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს”, — ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

როგორც კომუნიკაციების კომისია განმარტავს, “კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო”, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია ავტორიზაციის შეჩერება და კომპანიაში “კანონის აღსრულების მიზნით”, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

“კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ პირველ რიგში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით. კომპანიის საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და, შესაბამისად, მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე”, — განმარტავენ კომისიაში.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი