ISFED ძალადობის, შანტაჟისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ISFED-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს.

“ამგვარი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ძალადობა

ანგარიშში საუბარია 28 სექტემბერს სოფელ სადახლოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. ISFED-ის განცხადებით, აუცილებელია სამართალდამცველებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ძალადობის ფაქტები, ხოლო პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უარი თქვან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა ძალადობის შემდეგი შემთხვევები:

ქალი პოლიტიკოსების შანტაჟი

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია “ფეისბუქზე” საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, “ლელოს” წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს. ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება”, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები.

ორგანიზაციის ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას და მათი გადაბირების მცდელობებს. მაგალითად, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიუთითებენ მათი ლიდერებისა და წევრების მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, მათ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებაზე, რაც უხერხულობას უქმნის მათ მხარდამჭერებს.

ზეწოლა პედაგოგებზე

ISFED-ის შეფასებით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად კი მმართველი პარტიის მიერ, აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც. თუმცა ანგარიშში საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებაც, რაზეც თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად ისაუბრა. მრელაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. „სამართლიანი არჩევნები“ ამბობს, რომ მათ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის დირექტორმა ანონიმურად დაუდასტურა, რომ კოლეგებისგან სმენია ასეთი ფაქტების შესახებ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ISFED საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზეც. ანგარიშის თანახმად, აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს.

ასევე, 300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი  ბიუჯეტიდან დაფინანსდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, წელს, ეს სტუდენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა, 2018 წელს – 33, ხოლო 2019 წელს – 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა, ქულების შესაბამისად, 800-დან 1200 ლარამდეა. ISFED-ის შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60- დღიან პერიოდში მუნიციპალუტეტის ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის 1 032 100 ლარით გაზარდა.

საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. “სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი – ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. ორგანიზაციის თანახმად, ზემოაღნიშნული პირდაპირ დაარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.

კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა

ISFED-ის ანგარიშში საუბარია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება.

„ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს კამპანიას, სახელწოდებით „დაავალე მიშას“. აღნიშნული ინიციატივით პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჩართულია მიხეილ სააკაშვილი. ასევე, სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი მიმართვა ადასტურებს მის აქტიურ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, “სამართლიანი არჩევნები” ყურადღებას ამახვილებს სასულიერო პირების ჩართულობაზე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში. კერძოდ, ბაგრატის ტაძრის ეზოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, რომელიც ასევე დესწრო წყალტუბოში “ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას. თერჯოლაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო.  ისნის გამგეობის თანამშრომელმა, ხვიჩა ჩალაბაშვილმა, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა პოსტი „ქართული ოცნების“ კანდიდატის, კახა კახიშვილის სასარგებლოდ. ბაღების სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ კი, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა კახა კახიშვილის სააგიტაციო მასალა.

რეკომენდაციები

“სამართლიანი არჩევნები” ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე, პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები; არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსები პარტიული მიზნებისთვის; საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პოლიტიკურ პარტიებისადმი ISFED-ის რეკომენდაციაა, თავი შეიკავონ და არ დაუშვან ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობა; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის ფარგლებში; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.