მოქალაქის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტერნეტში ინფორმაციას ეძებდა, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს

პროგრამისტის, გიორგი ლუბარეცის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს და ტელეფონი ჩამოართვეს. ლუბარეცის თქმით, პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ, მისი დაკარგვის ადგილმდებარეობის რადიუსში სხვადასხვა ლოკაციის ძებნა გახდა ინტერნეტში.

როგორც ლუბარეცმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, პროკურატურაში უთხრეს, რომ ძებნისას მას საჯარო რეესტრში გაგზავნილი ჰქონდა  მოთხოვნა დაწესებულება “ვილა ალგეთის” შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. მისი გამოკითხვაზე დაბარების მთავარი მიზეზი კი იმის გარკვევა იყო, მიაწოდა თუ არა ამ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს. კითხვაზე, რა კავშირშია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან “ვილა ალგეთი”, ლუბარეცმა გვიპასუხა, რომ არ იცის და არც პროკურატურაში განუმარტავთ.

“გამოკითხვაზე მკითხეს, ვეძებდი თუ არა “ვილა ალგეთს”, რაზეც ვუთხარი, რომ არაფერს არ ვეძებდი, უბრალოდ, რუკაზე “ვაკლიკავდი” ყველაფერს, რაც კი იყო იმ ტერიტორიაზე. რუკაზე რომ “აკლიკავ”, საჯარო რეესტრში იგზავნება მოთხოვნა და მოდის, რა ტერიტორიაა, ვის ეკუთვნის და ა.შ. როგორც თვითონ მითხრეს, ჩანაწერებში ნახეს, რომ “ვილა ალგეთის” შესახებ მოთხოვნა ჩემი IP მისამართიდან იყო შესული. ვინც კი აქტიურია, ყველა ეძებდა მაგ პერიოდში და მე რა შუაში ვარ, არ ვიცი”, – განმარტა ლუბარეცმა.

ლუბარეცის თქმით, ვერ ხვდება, რაში დასჭირდა პროკურატურას მისი ტელეფონის დატოვება, რადგან არც ჟურნალისტებთან ჰქონია კონტაქტი და არც სხვა დაინტერესებულ პირებთან.

“ჩემი დაბარება აბსურდია. ზოგადად, როცა დამირეკე,ს ცოტა გაოგნებული ვიყავი. მართალია, პოსტებს ვწერდი, ძებნისას რამეს თუ ვიპოვიდი, მაგრამ მე რა შუაში ვარ, წარმოდგენა არ მაქვს. რაში სჭირდებოდათ ჩემი ტელეფონის ამოღება, როცა არც ჟურნალისტებთან მქონია კონტაქტი და არც არავისთან… როგორც მითხრეს, ეძებენ იმ პიროვნებას, ვინც “ვილა ალგეთის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალსიტებს, თუმცა, როგორ შეიძლება მაგის გამო დაიბარო ადამიანი, ხო უნდა ჰქონდეთ საკმარისი საფუძველი მაგისთვის და მერე ჩემი ტელეფონი რაში სჭირდებათ, შეუძლიათ ჩანაწერები და ზარების ისტორია აიღონ, ან თუნდაც ვინ დაასახელა, იმას კითხონ. მე რა შუაში ვარ”, – განაცხადა ლუბარეცმა.

მისი თქმით, გამოკითხვისას პროკურატურის წარმომადგენლებმა მას სთხოვეს, რომ ტელეფონზე კოდი მოეხსნა და ისე გადაეცა, თუმცა ლუბარეცმა ამის გაკეთება არ ისურვა. ასევე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ლუბარეცმა განაცახადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს, თუმცა “მათი განმარტება იმდენად აბსურდულია”, რომ არ გამორიცხავს, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

რაც შეეხება “ვილა ალგეთს”, ამის შესახებ 14 სექტემბერს ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მას დაუკავშირდა წყარო, რომელმაც უთხრა, რომ “ის ადგილი, სადაც მანქანა [ბაჩალიაშვილის] იპოვეს, არის ბოლო ადგილი და რეალურად დასაწყისი არის სხვაგან”, ამის შემდეგ კი მას სწორედ “ვილა ალგეთის” კოორდინატები გაუგზავნეს.