ახალი ამბები

ესკობარის ძმისშვილმა სახლის კედელში $18 მილიონი იპოვა

25 სექტემბერი, 2020 • 2115
ესკობარის ძმისშვილმა სახლის კედელში $18 მილიონი იპოვა

კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ძმისშვილმა ბიძამისის ერთ-ერთი სახლის კედელში ფულით სავსე ჩანთა და სხვა ნივთები იპოვა. მისი თქმით, თანხის ოდენობა $18 მილიონს აღემატება და “ხედვამ” უკარნახა, სად უნდა მოეძებნა ის.

BBC-ის ცნობით, სახლი, სადაც ესკობარი გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრობდა, კოლუმბიის ქალაქ მედელინში მდებარეობს. ამჟამად იქ მისი ძმისშვილი, ნიკოლას ესკობარი ცხოვრობს. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნაღდი ფული იპოვა იმ ადგილებში, სადაც ბიძამისი პოლიციას ემალებოდა.

ამ ჯერზე ნარკობარონის ძმისშვილმა ფულთან ერთად ასევე მიაგნო საბეჭდ მანქანას, სატელიტურ ტელეფონს, ოქროს კალამს, კამერასა და ფირს.

“ყოველ ჯერზე, როცა სასადილო ოთახში ვჯდებოდი და მანქანის პარკირების ადგილისკენ ვიყურებოდი, ვხედავდი კაცს, რომელიც შემოდიოდა, შემდეგ კი ქრებოდა”, – ირწმუნება ნიკოლას ესკობარი მედიისთვის იმის ასახსნელად, თუ როგორ იპოვა თანხა.

მისივე თქმით, ბანკნოტები საკმაოდ ძველი და დღეისათვის გამოუსადეგარია.

ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი, პაბლო ესკობარი პასუხისმგებელი იყო აშშ-ში გამავალი კონტრაბანდული კოკაინის 80%-ზე. ზემოხსენებულ ქალაქ მედელინში მისი ნარკოკარტელი 70-იან წლებში მოქმედებდა.

პაბლო ესკობარი წლების მანძილზე იყო “ფორბსის” მილიარდელთა სიაში. როდესაც აშშ-მა მისი ექსტრადიცია მოითხოვა, ესკობარმა წინააღმდეგობა გაწია და მიზანში ამოიღო პოლიტიკოსები, პოლიცია და ჟურნალისტები.

ის 1993 წელს, პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა. მისი ძმისშვილის თქმით, ესკობარის ადგილსამყოფელის გამხელის მიზნით რამდენიმე პირმა თავის დროზე ისიც გაიტაცა და 7 საათის მანძილზე აწამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი