NGO-ები პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა უფლებების საკითხების შეტანას სთავაზობენ

კოალიცია “ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებს  მათ საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს.

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც კოალიციაში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება  ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული სისტემური პრობლემების ასახვას პარტიების პროგრამების დღის წესრიგში.

ინიციატივის ფარგლებში, კოალიცია სრულ მზადყოფნას გამოხატავს, საინფორმაციო რესურსების გაზიარების გარდა, პარტიებს ინდივიდუალურადაც შეხვდეს.

როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, სოციალური დაცვის სისტემის, სოციალური მუშაობის სფეროში არსებული სისტემური გამოწვევებისა და ბავშვის უფლებების დარღვევების რეაგირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების “ხშირად არაეფექტური მუშაობის პირობებში”, საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათი თქმით, ეს გამოწვებებია:

კოალიციის განცხადებით,  დღეს მკვეთრად იკვეთება დაუცველი ბავშვების ინსტიტუციური (ოჯახის ალტერნატიული) ზრუნვის ტენდენციები, ნაცვლად მათი ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა.

“18 000-მდე ბავშვი 18 წლამდე ცხოვრობს სახელმწიფო ზრუნვის სიტემაში. სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია კრიზისის ინტერვენციაზე (ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა), ვიდრე ოჯახის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანაზე (მისი ოჯახში შენარჩუნება ან დროული დაბრუნება).  ბავშვთა სიღარიბე და მისი უმძიმესი შედეგები ბავშვზე ზრუნვის სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

ხშირად სწორედ ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხდება იმის მიზეზი, რომ ბავშვები დიდი ზომის, უმეტესად არალიცენზირებულ დაწესებულებებში ხვდებიან. მიუხედავად ჩვილ ბავშვთა მოკვდაობისა და მკვდრადშობადობის მაჩვენებლების კლებისა, ის  ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს მაინც აღემატება”, — აღნიშნავენ კოალიციაში.

გარდა ამისა, კოალიციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ  კვლავ არ არის ჩამოყალიბებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტის გადამზადებისა და მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა.

მათი განცხადებით, სისტემური ხარვეზები არსებობს ბავშვების პირველი კონტაქტისას მართლმსაჯულების სისტემასთან, ძირითადად – პოლიციის განყოფილებებში.