ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკეშიც უნდა დაინერგოს – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შემოღების დავალება გასცა. ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ანალოგიური პროექტის[ზონალურ-საათობრივი პარკირების] განხორციელება ვაკის რაიონშიც დაიწყოს. ეს იქნება აბაშიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძე და მკვეთი ქუჩები. ზოგადად, ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაიგეგმება ზონალურ-საათობრივი პარკირება. რა თქმა უნდა, პარკირების საფასური რაიონებიდან და ქუჩებიდან გამომდინარე იქნება სხვადასხვა”, — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა გრძელდება და ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზე უკვე საინფორმაციო ჯიხურები უნდა მომზადდეს, რათა ადამიანებს  ამ კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეთ.

როგორც ცნობილია, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან  პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე უკვე ამოქმედდა.

პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ამასთან, ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე შეძლებს ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.