ყველაზე დიდი თანხა FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა

„ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით 193 465 აშშ დოლარი დაიხარჯა.

„ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტენდენციები “სამართლიანმა არჩევნებმა” შეაჯამა. ISFED-ის დაკვირვებით:

ამ დროისთვის, ჯამში, ბიბლიოთეკაში 4 607 რეკლამაა აღრიცხული. ISFED-ის თანახმად, დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი “ფეისბუქის” მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა – ჯამში 47 800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.


საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. „ფეისბუქის“ წესების თანახმად, პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს, რომლებიც არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სავალდებულოა ჰქონდეთ შესაბამისი დეკლარაცია, ხოლო ამგვარი რეკლამის განმათავსებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (“Paid for by” disclaimer). ბიბლიოთეკა იძლევა ცნობებს იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა და რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა რეკლამა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით (ასაკი, სქესი, ლოკაცია). ეს მონაცემები „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ინახება.