ახალი ამბები

ირანში სიკვდილით დასაჯეს მოჭიდავე, რომელიც ამბობდა, რომ ბრალის ასაღიარებლად აწამებდნენ

12 სექტემბერი, 2020 • 1369
ირანში სიკვდილით დასაჯეს მოჭიდავე, რომელიც ამბობდა, რომ ბრალის ასაღიარებლად აწამებდნენ

ირანში, ქალაქ შირაზის ციხეში, სიკვდილით დასაჯეს მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელსაც სახელმწიფო ქვეყანაში 2018 წელს მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას ადამიანის მკვლელობას ედავებოდა. გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოჭიდავის ამბავს ფართოდ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

“რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახური ციტირებს ირანის სამართლის დეპარტამენტს ფარსის პროვინციაში, რომელიც ამბობს, რომ აფკარი სიკვდილით დასაჯეს 12 სექტემბრის “დილით, მას შემდეგ, რაც გატარდა ყველა  იურიდიული პროცედურა მშობლებისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნით”.

მოჭიდავეს 2 წლის წინ ირანში, კერძოდ, ქალაქ შირაზში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებისას უსაფრთხოების აგენტის მკვლელობას ედავებოდნენ. ის ბრალდებას და აცხადებდა, რომ აწამებდნენ დანაშაულის ასაღიარებლად, რომელიც არ ჩაუდენია. ხელისუფლება აღნიშნულს უარყოფდა.

მოჭიდავის საქმეს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით: 85 000 სპორტსმენისაგან შემდგარმა გაერთიანებამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მსოფლიო სპორტიდან ირანის განდევნის მოწოდება გაახმიანა, თუ აფკარის სიკვდილით დასჯიდნენ.

თეირანს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა დონალდ ტრამპმაც, ისევე როგორც არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ. კრიტიკოსები ირანის ხელისუფლების ამ ნაბიჯს განსხვავებული აზრის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევდნენ, ვინაიდან, ცნობების თანახმად, მოჭიდავე თავის ძმებთან ერთად ზემოხსენებულ ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი